შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, სასტუმრო „ტატოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, სახის არეში მსუბუქად დაჭრა 1999 წელს დაბადებული ერთი მოზარდი, ხოლო გულმკერდის არეში – 2000 წელს დაბადებული 15 წლის ახალგაზრდა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მოხდა, თუმცა აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისის მე-7 ოლქში, ბექა ოდიშარია.
ინციდენტი ზემო ფონიჭალაში, “ქართული ოცნების” ღონისძიებიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.