ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომის პაპს აეროპორტში პრეზიდენტი და პატრიარქი დახვდებიან

რომის პაპს დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად დახვდებიან.

დღეს  პაპი შეხვედრებს პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან გამართავს.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები არიან.

რომის პაპი ხვალ თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.

თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე, შეხვედრებს გამართავს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს ეწვევა და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.

რომის პაპის ორდღიანი ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ. აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან 2 ოქტომბერს, აზერბაიჯანში გაემგზავრება.

იტვირთბა....