ბარაკ ობამას ვეტო დაძლია აშშ-ის სენატმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შესახებ კანონპროექტზე.
კანონპროექტის სახელწოდებაა “ტერორიზმის სპონსორების წინააღმდეგ მართლმსაჯულების აქტი” და ის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ნათესავებს საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის უფლებას აძლევს.
საუდის არაბეთის ხელისუფლება უარყოფს რამე სახის კავშირს აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტებთან. თავდასხმებთან ერ-რიადის შესაძლო კავშირის შესახებ თეორია იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ავიალაინერების გამტაცებელი 19 ტერორისტიდან 15 საუდის არაბეთის მოქალაქე იყო.
მსხვერპლთა ნათესავები ცდილობდნენ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის, ასევე იმ ბანკებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რომლებიც ისლამისტების დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი. თუმცა აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობა სხვა ქვეყნებს ამერიკული სასმართლოების დევნისგან იმუნიტეტით უზრუნველყოფს.
დღეს, 29 სექტემბერს, კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება წარმომადგენელთა პალატაში. თუ წარმომადგენელთა პალატის წევრთა ორი-მესამედი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, ბარაკ ობამას რვაწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მისი ვეტო დაძლიეს.
აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ქვეყნის მოკავშირეებთან უთანხმოება გამოიწვიოს.