პაატა ბურჭულაძის ბლოკში გიორგი ვაშაძის პარტია „ახალი საქართველო“ რჩება, – ამის შესახებ ერთობლივ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა:
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას არჩევნებში ამ ბლოკის სახით.
ჩემთვის ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო და ვფიქრობდი, რომ უნდა გამევლო ბლოკში კონსულტაციები. აქ ვარ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად დამოუკდიებელი პოლიტიკური ძალაა და გამარჯვებისთვის იბრძვის.“ – განმარტა ვაშაძემ.
პარტიის ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ „გირჩის“ დაფინანსების შესახებ ინფორმაცია მას თავად „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა:
„მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ჭორაობა დავიწყო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის თანხები ივანიშვილისგან მოდიოდა და ამის გარდა, სქემაც იყო, ჩვენ გარეშე როგორ გაგრძელდებოდა თამაში და ეს სქემა გაიშიფრა. ერთ-ერთმა პიროვნებამ მათი გუნდიდან გვითხრა ეს სქემა.
ყველას უნდა არჩევნებიდან ყურადღება გადაიტანოს. არ გვაქვს დრო დაგისახელოთ იმ ადამიანის ვინაობა „გირჩის“ გუნდიდან, ვინც ეს გვითხრა, რადგან დაიწყება კინკლაობა და ამის დრო არ გვაქვს. ზურაბ ჯაფარიძეს ვთხოვე, რომ დარჩენილიყო. ამას თუ შანტაჟად თვლის, იყოს შანტაჟი.“ – განაცხადა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძის ბლოკის კიდევ ერთი წევრი, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემაც აღნიშნა, რომ მათ მიმართ ბურჭულაძის მხრიდან შანტაჟს ადგილი არ ჰქონია:
„უფრო მეტი ენერგიით შევუდგებით ბრძოლას. ასეთი ბრძოლა გვაძლიერებს. გუნდში ნათქვამი გვაქვს, რომ ასეთმა შემოტევებმა არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენთან, „ახალ მემარჯვენეებთან“ დაკავშირებით არანაირ შანტაჟს, გამოძალვას თუ იძულებას ადგილი არ ქონია.“ – განაცხადა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკი „გირჩმა“ დატოვა. პარტიის ლიდერის განცხადებით, „გირჩს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რაც მათი ბლოკიდან გარიცხვის მიზეზი გახდა.
„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით, კი, მათ პაატა ბურჭულაძე აშანტაჯებდათ, რის გამოც ბლოკის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.