სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” “ქართუ ბანკისგან” 1 მილიონი ლარის ოდენობის სესხი აიღო.
“ნეტგაზეთის” ცნობით, “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ბანკისგან სესხი 2016 წლის 14 სექტემბერს აიღო, სესხის უზრუნველყოფად კი საქართველოს “საარჩევნო კოდექსის” 56-ე მუხლის პირველი ნაწილია მითითებული. ამ მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 31 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე “ქართული ოცნების” საარჩევნო ფონდმა (სესხის გარდა) 5 მილიონ 47 ათას 57 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ხოლო ბიუჯეტიდან 119 ათას 563 ლარი.
“მეტრონომი” ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს დაუკავშირდა. გვინდოდა გაგვეგო რისთვის დასჭირდა მმართველ გუნდს სესხი? როგორც კობახიძემ განმარტა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პარტიის გენერალურ მდივან ირაკლი კობახიძეს უნდა დავკავშირებოდით.
ირაკლი კობახიძემ “მეტრონომის” ზარებს არ უპასუხა.