ხათუნა ლაგაზიძე „მეტრონომთან“ ბურჭულაძის პარტიაზე და აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს
„100%-ით გამართლდა ის, რასაც მე ვამბობდი, პაატა ბურჭულაძისთვის ეს იყო ბიზნეს პროექტი. ის დაღუპა სიხარბემ. მან უბრალოდ ორსვლიანი ფინანსური კომბინაცია გაითამაშა“ – ამის შესახებ „მეტრონომს“ პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბურჭულაძემ კოალიციის შექმნისას სიაში ადგილები გამოათავისუფლა და ამაში ფული აიღო, ახლა კი ხელახლა აპირებდა იმ ადგილებში ფულის აღებას.
„მე თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ბურჭულაძისთვის ეს აღმოჩნდა ბიზნეს-პროექტი და არა რეალურად ის მიზანი, რასაც ის აცხადებდა. ჩვენ პაატა ბურჭულაძის გვერდით დავდექით ერთადერთი მიზნით, რომ მას ჰქონდა რესურსი ქართულ პოლიტიკაში ახალი თაობა შემოეყვანა. პარტია სწორედ ამ იდეის გარშემო შენდებოდა ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ დაგიდასტურებთ ერთს – 100%-ით გამართლდა ის, რასაც მე ვამბობდი, პაატა ბურჭულაძისთვის ეს იყო ბიზნესპროექტი. ის დაღუპა სიხარბემ. მან უბრალოდ ორსვლიანი ფინანსური კომბინაცია გაითამაშა – ჯერ კოალიციის შექმნისას გამოათავისუფლა ადგილები სიაში და ამაში ფული აიღო, ახლა უკვე აპირებდა ხელახლა აეღო ფული იმ ადგილებში, რომელიც „გირჩს“ მისცა. ორმაგი ფინანსური მოგებისთვის ითამაშა და ამან დაღუპა, ეს იყო და ეს“ – განუცხადა „მეტრონომს“ ლაგაზიძემ.
მისი თქმით, ის, რომ ბურჭულაძემ თითქოს გუშინ გაიგო, რომ თურმე „გირჩი“ ივანიშვილისგან ფინანსდებოდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი იყო. როგორც ლაგაზიძე ამბობს, პაატა ბურჭულაძისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ ვინ იდგა „გირჩის“ უკან და საერთოდ, იდგა თუ არა ვინმე.
„პაატა ბურჭულაძისთვის ფულს სუნი არ აქვს, სამწუხაროდ. ის, რომ გუშინ გაიგო, თურმე ეს ივანიშვილის იყო თუ არ იყო, ეს არ არის მიზეზი, გელაპარაკებით ადამიანი, რომელსაც გაცილებით ხანგრძლივი გამოცდილება აქვს პაატა ბურჭულაძესთან პოლიტიკური და საქმიანი ურთიერთობის, ვიდრე „გირჩს“.
ნამდვილად არაფერ შუაში არ იყო, ვინ იდგა „გირჩის“ უკან და იდგა თუ არა ვინმე. მას უნდოდა ორსვლიანი ფინანსური კომბინაციის გატარება, და მას ეს არ გამოუვიდა, ერთი და იგივე ადგილების ორჯერ მიყიდვა უნდოდა „გირჩისთვის“-განუცხადა “მეტრონომს” ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მან „გირჩის“ სიიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ “გირჩი” ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ. ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე მათ აშანტაჟებდა.
„პირველი პრობლემა გაჩნდა სიის შედგენის დროს. კონკრეტულად, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში, როდესაც მისი „ფეისბუქსტატუსები“ დაუდეს პაატა ბურჭულაძეს. თუმცა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. დღეს პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ სურდა „გირჩის“ წევრების სიიდან ამოღება. ჩემზე არ იყო საუბარი. მან მითხრა, რომ მე ვიქნებოდი სიაში და შევიდოდი პარლამენტში. ეს ადამიანი მე მაშანტაჟებდა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, იმ შემთხვევაში „გირჩის“ წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული თუ ბლოკის სიიდან. რა თქმა უნდა, მე განვუცხადე უარი, ეს იყო შანტაჟი, მას თანხა არა ბლოკისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ნინო ცხადაია