„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთ ლიდერ, ირაკლი ღლონტთან
წინასაარჩევნოდ რამდენიმე დღით ადრე, პაატა ბურჭულაძის პარტიაში კვლავ მასშტაბური ცვლილებებია. ბლოკი „გირჩმა“ დატოვა. საუბარია, რომ გიორგი ვაშაძეც გამოეყოფა ბურჭულაძეს. პარტიის ლიდერის განცხადებით, „გირჩი“ ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდებოდა და სწორედ ეს გახდა მათი პარტიიდან გარიცხვის მიზეზი. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ „გირჩის“ წევრმა, პავლე კუბლაშვილმა პაატა ბურჭულაძეს ბიძინა ივანიშვილისთვის დაფინანსების თხოვნა შესთავაზა, ეს ბურჭულაძემ არც უარყო და არც დაადასტურა.
ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი დიდუბეში, პარტია “რეფორმატორების” თავმჯდომარე, ირაკლი ღლონტი მიმდინარე მოვლენების შესახებ „მეტრონომს“ ესაუბრა:
„მეტრონომი“: ბატონო ირაკლი, წინასაარჩევნოდ პარტიიდან „გირჩების“ გასვლა როგორ იმოქმედებს?
ირაკლი ღლონტი: ვფიქრობ, რომ უარყოფითად არ იმოქმედებს. მე თავად დეპუტატობის კანდიდატი ვარ პარტიიდან და ყოველდღიური შეხვედრა მაქვს მოსახლეობასთან და ამომრჩეველთან. პირიქით, ხშირად იყო პრეტენზია, რომ პაატა ბურჭულაძეს არ უნდა მიეღო პარტიაში „ნაციონალების“ ყოფილი მაღალჩინოსნები. ეს ზურაბ ჯაფარიძეს არ ეხებოდა.
ზოგადად, წინასაარჩევნოდ, რამდენიმე დღით ადრე ძალიან დამაბნეველია ამგვარი კონფიგურაცია, თუმცა პარტიაში ცვლილებები ჯანსაღი პროცესია, მისაღები და გასაგებია ჩვენთვისაც. ველით, რომ საზოგადეობაში ეს დადებითად იქნება აღქმული.
– საარჩევნო ათეული ფაქტობრივად „გირჩის“ წევრებისგან იყო დაკომპლექტებული. ამ შემთხვევაში თავიდან წარადგენთ ახალ სახეებს?
– კი, რა თქმა უნდა. ეს უფლებამოსილება აქვს პაატა ბურჭულაძეს, ცვლილება განახორციელოს სიებთან მიმართებაში და დაველოდოთ მას.
– რაც შეეხება ინფორმაციას, რომ შესაძლოა გიორგი ვაშაძემაც დატოვოს პარტია, რას გვეტყვით ამის შესახებ?
– ვერ გეტყვით რას გადაწყვეტენ, გიორგისთან არ მისაუბრია.
– პაატა ბურჭულაძე თავად საუბრობდა, რომ ეს გაერთიანება ფინანსური გაძლიერებისთვის იყო საჭირო. გუშინ უკვე გაისმა ბრალდება, რომ „გირჩები“ ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდებოდნენ და სწორედ ამიტომ დაატოვებინეს პარტია. პაატა ბურჭულაძემ არც უარყო და არც დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ მასთან პავლე კუბლაშვილი მივიდა თხოვნით, ივანიშვილისთვის დაფინანსება ეთხოვა. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ?
– პაატა ბურჭულაძე მთელი თავისი ცხოვრება სხვებს ეხმარებოდა ფინანსურად და ცოტა რთულად დასაჯერებელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ვინმეს ის აშანტაჟებდა. საფუძველი არ მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძის განცხადებებს არ ვენდო. მე არ დავსწრებივარ პავლე კუბლაშვილის და პაატა ბურჭულაძის შეხვედრას, შესაბამისად ვერ დავადასტურებ რაიმე დეტალს.
– არჩევნებამდე ძალიან მცირე დროა დარჩენილი და პარტია კიდევ ყალიბდება. რატომ მოხდა ეს?
– ერთ მნიშვნელოვან მესიჯს გეტყვით – პირიქით, უფრო მეტი ადამიანი გვემატება, უფრო მეტი ადამიანი სცემს პატივს ბურჭულაძეს და ნდობას უცხადებს მის მიერ შემოკრებილ ახალ სახეებს. ხელისუფლების და სპეცსამსახურების მიერ ატეხილი და დაგეგმილი სპექტაკლები, რომ ბურჭულაძის პარტია იშლება, სისულელეა. შეიძლება პარტიაში ფინანსური პრობლემებია, მაგრამ ბურჭულაძემ ახალი სახეები და იდეა შესთავაზა საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ საზოგადოება არჩევანს გააკეთებს. დავდივარ ხალხში და ჩემზე უკეთესად არც სუსმა და არც სხვა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა არ იციან, თუ რა სიყვარულია ბურჭულაძის მიმართ.
მანა ნოდია