ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სუსი დაკითხვაზე ცისკარიშვილს, ნადირაშვილს და წერეთელსაც იბარებს

სუსმა დაკითხვის უწყება „ნაცმოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წევრს გაუგზავნა. აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ სუს-ი ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე ამჯერად პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილს იბარებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შესაბამისი უწყებები პარტიის ოფისში წუხელ მიიტანეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ის არ ჩაიბარეს.

„არ ვაპირებთ წინ და უკან სიარულს სუს-ში, იმიტომ რომ ვართ საარჩევნო კამპანიის პროცესში. მობრძანდნენ ოფისში – სამუშაო დღის განმავლობაში ჩვენ მზად ვართ კითხვებზე პასუხი გავცეთ, მათ შორის ისეთ ბოდვაზეც კი, რომელიც გუშინ გავრცელდა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო. ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გუშინ გავრცელდა. აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

„ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი“, – აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ „რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს“.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

იტვირთბა....