ჟურნალისტი შალვა რამიშვილი „მაესტროს“ პროექტით “აკრედიტაციის გარეშე” „ნაციონალური მოძრაობის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ბადრი ბასიშვილთან ოფისში შესვლას ცდილობდა. გადაცემის წამყვანის განცხადებით, შეხვედრა წინასწარ იყო შეთანხმებული, თუმცა ადგილზე მისულ ჯგუფს ოფისში შესვლის საშუალება „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა გადამღები ჯგუფის კამერა, ხოლო ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა აქტივისტმა. მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფმა აქტივისტებმა უარყვეს, რომ იცნობდნენ იმ პირს, რომელმაც გადამღები ჯგუფის ტექნიკა დააზიანა:
„ოფისთან ხალხმრავლობა იყო, ხათუნა გოგორიშვილი იყო ჩასული, მოვიდა ბადრი ბასიშვილის მხარდამჭერი, დაგვიმტვრია კამერა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მოგვაყენა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბადრი ბასიშვილთან მინიმუმ დისციპლინაში არ აქვთ საქმე კარგად. ეს მინიმუმ”- აცხადებს შალვა რამიშვილი.
ბასიშვილმა “მაესტროსთან” კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა, მან ინციდენტში მონაწილე პირთან ნაცნობობა უარყო:
„ბატონი შალვა ოფისის წინ პროვოკაციებს აწყობდა, ჩვენი ოფისის წევრებს გაუშველებიათ. ვიღაცას გამოუვლია და ჩვენც გვაგინებდა და მასაც, პირადი მაქვს გასარკვევიო, ასე ყვიროდა. როგორც მითხრეს, კამერა არავის დაუზიანებია, სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”.
„მეტრონომთან“ საუბარში შალვა რამიშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიება უკვე დაიწყო:
„საქმე აღძრულია უკვე, გუშინ დავიკითხეთ მე და ჩემი ოპერატორი „ – აცხადებს რამიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების კომენტარზე, რომ პირი, რომელმაც „აკრედიტაციის გარეშეს“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და ქონებრივი ზიანი მიაყენა, პარტიის წევრი არ არის, რამიშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს:
„დღეს იხილავს გადაცემას მაყურებელი. შეიძლება პარტიის წევრი არ არის, მაგრმ ვიცით, რომ არის მხარდამჭერი. მას ძალიან კარგად იცნობენ შტაბში. ხოლო მისი მეუღლე არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრი საუბნო კომისიაში. შესაბამისად, ის არის მომხრე და მხარდამჭერი. შეიძლება პარტიის წევრის წიგნაკი არ უდევს, მაგრამ ყველა მაყურებელი ნახავს, რა ატმოსფერო სუფევდა იქ და რა აგრესიულად იყვნენ განწყობილები. თუმცა, დანარჩენებს შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, მაგრამ ბატონმა ხვიჩამ თავი ვერ შეიკავა“ – აცხადებს შალვა რამიშვილი „მეტრონომთან“.
ჟურნალისტი სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს:
„გორის რაიონის ნაცმოძის დეპუტატობის კანდიდატის ბადრი ბასიშვილის მხარდამჭერი ხვიჩა ბიბილაშვილი სოფელ ქვემო არცევიდან.
დანარჩენი სამშაბათს გადაცემაში “აკრედიტაციის გარეშე”.
22:55 ზე “მაესტროს” ეთერში.” – წერს შალვა რამიშვილი “ფეიბუქის” საკუთარ გვერდზე.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას:
„გამოძიება დაადგენს ყველაფერს და ადეკვატურ რეაგირება იქნება“ – განუცხადეს „მეტრონომს“ უწყებაში.
თავის მხრივ, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“, რომელიც არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი საქართველოში, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოკლეს ვადაში გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი, (მითუმეტეს, როცა არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი), რათა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დღეებში ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერ ძალადობა თავიდან იქნას აცილებული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, გამოძიების სწორად წარმართვის შემთხვევაში, ეს იქნებოდა მაგალითი იმისა, რომ სამუშაო პროცესში ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლა დასჯადია. ეს კი გარკვეულწილად იქნებოდა პრევენცია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ჟურნალისტმა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეძლოს საკუთარი საქმიანობის განხორციელება.
https://www.youtube.com/watch?v=t_XAD7Wq3Aw