ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში მცხოვრები 60 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს და სასტიკად სცემეს. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
დაზარალებული შოთა ბოჭორიშვილი “გურიის მოამბესთან” საუბარში აცხადებს, რომ დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის სახლში ორი შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა. თავდამსხმელებმა ფული მოსთხოვეს, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი, ის ორი საათის განმავლობაში სასტიკად აწამეს.
ბოჭორიშვილის თქმით, მან წინა დღეს საქონელი გაყიდა და სავარაუდოდ თავდამსხმელებმა ეს იცოდნენ.
მძარცველების წასვლიდან ორი საათის შემდეგ, დაზარალებული პოლიციას თვითონ დაუკავშირდა, რის შემდეგაც პოლიციამ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.
შოთა ბოჭორიშვილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე ის უკვე საკუთარ სახლში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ს 179-მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.