აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია.
სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ მონაკვეთზე თბილისის მერიის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის I ეტაპის სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მასზე არსებული ისტორიული ორნამენტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს.
“მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები განადგურებას გადავარჩინეთ. მეორეს მხრივ ტურისტებისთვის ახალი სასიამოვნო ადგილი გაჩნდა.”- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.