”ჰანიველ პარტნერსის” მმართველი პარტნიორის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, მალე ის და მისი პარტნიორები „ლიბერთი ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტს შეისყიდიან. რუხაძის თქმით, აქციების საკონტროლო პაკეტის შესყიდვის პროცესი დაახლოებით თვენახევარში დასრულდება.
“მოლაპარაკებები მიდის, ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს იმ ჯგუფთან, რომელმაც უნდა მოგვყიდოს ლიბერთი ბანკი, თვითონ ამ ჯგუფს უჩივლეს ლონდონში, მაგრამ იმედი მაქვს რომ ძალიან სწრაფად დასრულდება პროცესი. თანხის ნაწილი ჩვენ გადახდილიც გავქვს და ამიტომ ამ გარიგებას დავამთავრებთ. მე იმედი მაქვს რომ თვე-თვენახევარში დასრულდება პროცესი. “ლიბერთი ბანკის” მფლობელი ვიქნები მე და ჩემი პარტნიორები. კერძოდ, “ჰანიველ პარტნერსი“, რომელიც ჩემი კომპანიაა, მე ვარ იქ ძირითადი მფლობელი, მაგრამ მყავს სხვა პარტნიორებიც”.– განუცხადა რუხაძემ “ბიზნესკონტაქტს.”
ამჟამად ლიბერთი ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი, 73,02% “ლიებრთი ჰოლდინგ ჯორჯიას” ეკუთვნის. 4,79% კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლადო გურგენიძის საკუთრებაშია.