აშშ-ის მიერ გაშვებული ჭურვი ბუშერის ატომური ელექტროსადგურის პერიმეტრს მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აშშ-მა ბუშერის პროვინციაში დარტყმები რამდენიმე ლოკაციაზე მიიტანა. გავრცელებული ცნობით, პროვინციაში აფეთქებების ხმა დილითაც ისმოდა.
მანამდე, მიმდინარე წლის მარტში ბუშერის ბირთვული ობიექტი აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმების სამიზნე გახდა. იმ დროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მხარეები გააფრთხილა, რომ მსგავსმა თავდასხმებმა შესაძლოა, „მასშტაბური რადიოლოგიური ავარია“ გამოიწვიოს. ეს ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც 2011 წელს გაიხსნა და რუსეთში წარმოებული ურანით მუშაობს.
ირანი თავდასხმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე დარტყმით პასუხობს. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, იორდანიაში საჰაერო განგაში მას შემდეგ ჩაირთო, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანიდან გაშვებული რაკეტები დაფიქსირდა.
იორდანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ყველა რაკეტა განეიტრალებულია. ამასთან, მისივე თქმით, იორდანიის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და მზადაა, ნებისმიერ საფრთხეს გაუმკლავდეს.
ბოლო ორი ღამის განმავლობაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ, ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში, მათ შორის ქუვეითში, ბაჰრეინსა და კატარში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიშები მიიტანა.

