ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 700-მდე აბონენტი – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უამინდობამ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარლის, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში შექმნა.
აღნიშნული მიზეზით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა კახეთის რეგიონის 19 000-მდე აბონენტს.
,,დაზიანების ყველა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ,,კახეთის ენერგო დისტრიბუციის“ ტექნიკური ჯგუფები და კომპანია ამ დრომდე ყველაფერს აკეთებს ელექტროენერგიის მიწოდების უმოკლეს ვადაში აღსადგენად. ამინდის პირობებიდან გამომდინარე, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების 700-მდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ”, – განაცხადა ხმალაძემ.