ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგაური ივანიშვილს პასუხობს: განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია დამღუპველია

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში კიდევ ერთხელ სდებს ბრალს.

ივანიშვილმა არასამთავრობოები გააკრიტიკა 26 მაისის კადრების წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნების გამო მათ მიერ გაკეთებული კომენტარებისთვის.

“რომელი მესამე სექტორი? ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ ბოდიში და გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და იბრალებს… ისეთ ნიშაში შევიდნენ, რომ ასეთი აგრესიულები ნაციონალური მოძრაობის წევრებიც არ არიან ძალიან ხშირად. რომელმა თქვა კონკრეტულად მითხარი და გამოჩნდება (ახალგაზრდა იურისტები, საერთაშორისო გამჭვირვალობა). გიგაური იქნებოდა, ალბათ, პაგონებიანმა გიგაურმა, ფულზე რომ იყო საუბარი გიგაურმაც მიიღო პაგონები. მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. ესენი გამოდიან…

მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ: ამ სექტორს ნუ აბინძურებენ. გამოვიდნენ, რომ ისინი ნაციონლაური მოძრაობის წევრები არიან და კეთილი ინებონ და დაირქვან სახელი, რომელიც მათ ეკუთვნით”.-აღნიშნა ივანიშვილმა.

ექსპრემიერის განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური გამოეხმაურა.

“ზოგადად ვიცით მისი მწვავე დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ. მეც რომ არ ვუყვარვარ პირადად, ძალიან კარგად ვიცი. რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ძირითად დროს უთმობს ყველა იმ ადამიანზე ლაპარაკს, თან არაეთიკურად, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი აქვს და ეს მგონი არასწორია. თუმცა თუ “ოცნებამ” გადაწყვიტა ასეთი წინასაარჩევნო კამპანია წარმართოს, ეს მათი არჩევანია. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ყველა ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს, ფაქტობრივად, ორ ან რამდენიმე ცეცხლს შორის არის. “ოცნების” მომხრეებს და პარტიას ზოგადად ნაცმოძრაობასთან დაახლოებულები ვგონივართ და ნაციონალურ მოძრაობას – “ქართულ ოცნებასთან”. ამას ზოგჯერ საჯაროდაც ამბობენ, თუმცა არასაჯაროდ სულ ამას გვეუბნებიან. ასევე ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია რომ სწორ გზაზე ვდგავართ და არავის ინტერესებს არ ვატარებთ. დამღუპველია განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია. ჩვენ სამოქალაქო სექტორში არ გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერს რასაც ვამბობთ სწორია. ზუსტად ამიტომ ყოველთვის მზად ვართ თემატური დისკუსიისთვის. არაეთიკურად ვინმეზე ლაპარაკი კი ჩვენი საქმე არ არის”.-განაცხადა გიგაურმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

იტვირთბა....