დღეს, 22 სექტემბერს, მსოფლიოში „დღე მანქანის გარეშე“ აღინიშნება. თბილისი წელს ამ აქციას პირველად შეუერთდა.
დატოვეთ საკუთარი ავტომობილები სახლში ერთი დღით, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყოთ დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას – სწორედ ეს არის აქციის მთავარი გზავნილი, რომელიც, მრავალი წელია, მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში იმართება.
აქციის ინიციატორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძეა. მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებ ნორმას 3–ჯერ აღემატება. ქალაქში ცხოვრება კი არაკომფორტული ხდება არა მხოლოდ საცობების, ხმაურის, განუწყვეტელი სიგნალის, მწვანე საფარის ნაკლებობის გამო, არამედ უკვე საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის.
მისი თქმით, დღეს, ადამიანებმა უნდა გამოავლინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ერთი დღე რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის მდგომარეობას, თუმცა ეს იქნება დასაწყისი სერიოზული მსჯელობის თუ როგორ გადავარჩინოთ ქალაქი და ჩვენი ჯანმრთელობა.
სიმბოლურად, დღეს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ მოქალაქეები ველოსიპედებით და მსვლელობა რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე მოაწყვეს, ბოლოს ვარდების მოედანთან გაჩერდნენ.
აქციაზე ველოსიპედით იმყოფებოდა გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რომელმაც როგორც „მეტრონომთან“ განაცხადა, ამ აქციაში ადამიანების ჩართულობით, ადმინისტრაციული ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, მიიღებენ უფრო სწორ, უფრო მწვანე გადაწყვეტილებებს.
„შესაძლოა უშუალოდ აქციისგან რამე განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამოცანა, რომელზეც უკვე ვისაუბრე, მიღწეული იქნება.
აქედან სამსახურში ყოველ შემთხვევაში ველოსიპოედით შესაძლოა ვერ მივიდე, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ თბილისი მოუხერხებელია, ავტოსატრანსპორტო კვანძები არ ქმნის საშუალებას, რომ უხიფათოთ გადავადგილდეთ. მით უმეტეს, ცალკეულ უბნებზე და მონაკვეთებზე. ამიტომ ვეცდები, რომ მაქსიმალურად მეტი ვიარო ფეხით, ხოლო შემდეგ ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან საკუთარი ავტომანქანით წავალ“ – განუცხადა „მეტრონომს“ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
აქციაზე საკუთარი ველოსიპედით მივიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე ბევრჯერ გაუვლია, თუმცა ასეთი სიამოვნება არასდროს მიუღია.
აქციას შეუერთდა მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც. როგორც მან „მეტრონომს“ განუცხადა, ადამიანები ალბათ ნელ-ნელა მიხვდებიან, რომ ეს არ არის დასავლურობა თუ ევროპელობა, ეს არის მათი შვილების ჯანმრთელობის საკითხი.
„ჯერ სამწუხაროდ, არ არის ის ჩართულობა, რაც უნდა იყოს. მეტადრე, როცა ვიცით, თუ რა დღეშია ეს ქალაქი და მას სჭირდება სწორედ განტვირთვა მანქანებისგან. ალბათ ნელ-ნელა ადამიანები მიხვდებიან, რომ ეს არ არის დასავლურობა თუ ევროპულობა, მაგრამ ეს არის მათი შვილების ჯანმრთელობის საკითხი და ამაში თუ ყველანი ერთად არ ვიქნებით, ყველა არ მივხვდებით, რომ ყველას თავისი წვლილი აქვს შესატანი, მაშინ ვიცხოვრებთ დიდხანს ყველაზე ბინძურ ქალაქში“- განუცხადა „მეტრონომს“ სალომე ზურაბიშვილმა.
აქციას ასევე შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის წევრი დათა ქაჯაია. როგორც მან განაცხადა, ყოველთვის უნდა ვეცადოთ მოვიკლოთ კომფორტი და ჩვენი შვილების, ახლობლების ჯანრმთელობაზე ვიზრუნოთ.
„ძალიან მოხარული ვარ, დღევანდელი აქცია ემსახურება იმას, რომ ვიზრუნოთ მომავალი თაობის, ჩვენი შვილების და ახლობლების ჯანმრთელობაზე. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თავის კომფორტი ცოტა მოვიკლოთ და ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე. სწორედ ეს არის ევროპისკენ და დასავლეთისკენ მიმავალი გზა, მინდა რომ ეს ყველა ადამიანმა გაიზიაროს და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ყველა ადამიანს მივცეთ კარგი მაგალითი“- განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამანიის წევრმა დათა ქაჯაიამ.
აქციაზე მყოფმა საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ კი „მეტრონომს“ განუცხადა, რომ ეს მაინც სატესტო იყო, მომავალში კი იმედოვნებს, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება აღნიშნულ აქციაში.
„დასანანია, რომ ჩართულობა ისეთი მაღალი არ არის, როგორც ამას ველოდი, მე შევუერთდი აქციას, როგორც ავტომობილისტი. ვთვლი, რომ ასეთი აქციები ძალიან საჭიროა, არაფერია ამაში ცუდი, რომ ერთი დღე ავტომობილის გარეშე, ჯანსაღი ცხოვრების წესით გავატაროთ. მითუმეტეს, ამაში ჩართულია მთელი მსოფლიო.
ეს მაინც სატესტო იყო. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც შეგვწევს ძალა, ვიყოთ ლიდერები და მომავალში ამ კუთხითაც ვიქნებით ლიდერები“ – ამის შეახებ „მეტრონომს“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განუცხადა.
ნინო ცხადაია