ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალასანია ე.წ. მშვიდობის მემორანდუმზე: „ძალიან სუსტი დოკუმენტია“

„ძალიან სუსტი დოკუმენტია. ამ დოკუმენტში აბსოლუტურად არ არის აღწერილი, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს მმართველ გუნდს პროცესების მშვიდობიან მართვაზე“- ამის შესახებ  „თავისუფალი დემოკრატების”ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. მშვიდობის დოკუმენტის შეფასებისას განაცხადა.

„ძალიან სუსტი დოკუმენტია. ამ დოკუმენტში აბსოლუტურად არ არის აღწერილი, თუ რა პასუხისმგებლობა აქვს მმართველ გუნდს პროცესების მშვიდობიან მართვაზე. ჩვენ თვითონ ვიყავით ინიციატორები პარლამენტში ასეთი დეკლარაციის. ის უფრო ყოვლისმომცველი იყო. მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მათი ვალდებულებაა, სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები”, – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.

„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, – ნათქვამია მემორანდუმში.

იტვირთბა....