ტანკების ნაცვლად კამიკაძე დრონები, სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა – რუსეთის საოკუპაციო არმიამ, უკრაინის დედაქალაქზე, 24 საათში ორი იერიში ერთსა და იმავე რაიონზე მიიტანა.
დესნიანსკში რუსულმა დრონმა საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულები მოანგრია.
ვიტალი კლიჩკო ადასტურებს, რომ დაღუპულია 3 და დაშავებულია 14 ადამიანი, თუმცა ეს მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს, რადგან ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
მხოლოდ ივლისის თვეში კრემლმა კიევში 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა, პარალელურად კი, ხარკოვში, რუსული რაკეტის პირდაპირი მოხვედრით, საცხოვრებელი სახლი დაინგრა – დაზარალებულია 40-ზე მეტი მოქალაქე.

