ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ქართული ოცნების” და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა“: ახალაიას ადვოკატი პროკურატურის განცხადებაზე

პროკურატურის დღევანდელ განცხადებას კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში ეხამურება:

„ბატონ დავით ახალაიასთვის და სხვა პირებისათვის ე.წ. 26 მაისის საქმეზე ბრალის წარდგენა გახლავთ “ქართული ოცნების” ხელისუფლებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთობლივი წინასაარჩევნო საცირკო წარმოდგენა შემდეგი სათაურით – “მეტი ბრალდება – მეტი პრემია!”…

მოგეხსენებათ “26 მაისის აქცია” იყო ძალადობრივი, უაღრესად რადიკალური და მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობას. აქციები ორგანიზებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. საზოგადოებას კარგად ახსოვს მომიტინგეთა ფორმალური ლიდერის ნინო ბურჯანაძესა და მის თანამოაზრეებს შორის საუბრების ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების შინაარსი, რომლის ავთენტურობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. ამ საუბრებში ბურჯანაძე და მისი ვაჟი განიხილავდნენ შესაძლებლობას, რომ თუკი ვითარების რადიკალიზაციით მოხერხდებოდა რამდენიმე ასეული ადამიანის მსხვერპლად შეწირვა, “ეგვიპტური სცენარის” საქართველოში გამეორება დასაშვები იქნებოდა და მათ დასახმარებლად შემოვიდოდა ГРУ-ს სპეცრაზმი. აქციის ორგანიზატორები მსჯელობდნენ შეიარაღებული ჯგუფების მოქმედების ტაქტიკურ საკითხებზე, რომელიც პოლიციის სპეცრაზმებს გაუწევდა წინააღმდეგობას. მათ დამზადებული ჰქონდათ “მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები და ა. შ. რუსეთის სპეცსამსახურების დამქაშები შეგნებულად ცდილობდნენ ხელისუფლებასთან ძალადობრივი კონფრონტაციის პროვოცირებას, რაც კანონის ფარგლებში აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ”, – ნათქვამია ზაქარეიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ დავით ახალაიას, მის მოადგილე ვასილ ლელუაშვილს, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს რევაზ შიუკაშვილსა და მეორე მთავარი სამმართველოს უფროს ლევან ქარდავას ბრალი წარუდგინა. ასევე, უწყების ცნობით, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობისთვის დაბარებულია შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. პროკურატურის ინფორმაციით, მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოსაცხადებლად.

იტვირთბა....