ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ერთი პროცენტით რომ მჯეროდეს, ეროსიმ თავი მოიკლა, მეც თავს მოვიკლავდი“

“ერთი პროცენტით რომ მჯეროდეს, რომ ეროსიმ თავი მოიკლა, მეც მოვიკლავდი თავს, მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემს შვილს და ვიცი, რომ  ის თავს არ მოიკლავდა,”-ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის დედამ, გულიკო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „განსხვავებულ აქტენტებში“ განაცხადა.

მისი თქმით, კიწმარიშვილის საქმეში უამრავი დეტალია, რომელიც კითხვის ნიშნებს იწვევს.

“დე ენ ემ-ი თურმე არაფერს ნიშნავს, თითის ანაბეჭდები არაფერს ნიშნავს. უამრავი რამე არის ისეთი, რაც ჩემში კითხვის ნიშნებს იწვევს. დე ენ ემ-ი ჩემზე კარგად მაგათ არც ერთმა იციან. როდესაც იქ უცხო დე ენ ემ-ი აღმოჩნდა, იქ იმდენი ინფორმაცია იქნებოდა, რომ შეუძლებელია იქიდან მათ ვერავინ ეპოვათ. ძალიან ბევრი რამეა ისეთი, რომ უნდა შერცხვენოდათ ასეთი შედეგის გამოცხადების,”-განაცხადა კიწმარიშვილის დედამ.

როგორც გულიკო მაჭავარიანი ამბობს, მან  საკუთარი შვილი სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ნახა და ეროსი მასთან საუბარში სამომავლო გეგმებს აწყობდა. მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილს არც დეპრესიის ნიშნები ეტყობოდა და არც ვალებზე ნერვიულობდა.

„სასაცილოა, რომ ვალების გულისთვის თავი მოიკლა. ეროსის სხვისი ვალიც გაუსტუმრებია და თავისაზე აგებდა პასუხს. ეს იყო იმხელა თანხა, მე ეს თანხა შემეძლო ჩემს სანათესაოშიც კი მომეძიებინა. როცა უნდოდათ მილიარდერი გამოჰყავდათ და როცა დასჭირდათ თურმე ვალებისთვის თავი მოიკლა,”-  განაცხადა გულიკო მაჭავარიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფილმს ეროსი კიწმარიშვილის შესახებ და აღნიშნა, რომ ფილმი ძალიან შორს იყო სიმართლისგან. “მე პირადად ის შეურაცხყოფად მივიღე და ძალიან მეტკინა გული“- განაცხადა მაჭავარიანმა.

კიწმარიშვილის დედა მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობა შეკვეთილია და გამოძიება არასწორად წარიმართა.

“დიდი ვინმეა პიროვნება, ვინც ეროსის სიკვდილი დაუკვეთა, დარწმუნებული ვარ 100%-ით. მე მერჩია მისი საქმე სამუდამოდ შემოდებულიყო მაღლა, ვიდრე  ეს სისულელე დაეწერათ. ეს რომ გამოაცხადო, 100%-იანი მტკიცებულება უნდა გქონდეს. მათ რა ჰქონდათ, დე ენ ემ-ი არ გამოუკვლევიათ და რის საფუძველზე…”-განაცხადა  მაჭავარიანმა.

იტვირთბა....