ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, – ამის შესახებ ბათუმის მერიაში აცხადებენ. მერია შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი“, რომლის ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებს ბათუმის მერი გიორგი ერმკოვი. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. ამ დროისთვის შპს ,,ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე 45 გამოძახება დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის გამო გადაადგილების პრობლემა არ შექმნია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. რეგულარულ რეჟიმში მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
შეზღუდვა არ დაფიქსირებულა წყალმომარაგებაში. ამ დროისთვის წყალი შეუფერხებლად მიეწოდებათ როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებს.
საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ ცხელი ხაზის შემდეგ ნომერზე 24 22 22”, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს ბათუმის ზოგიერთი ქუჩა ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.