მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს მორიგ ბრალდებას უყენებს „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ნოზაძე.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ნოზაძემ განაცხადა, რომ ოქრუაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. ამის შესახებ მან პროკურატურასაც მიმართა.
”წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხდებოდა ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან სხვადასხვა უბანში ახალგაზრდებისთვის ლუდის ყიდვა და მათთან ერთად მირთმევა, თუმცა ოქრუაშვილი ამას არ დასჯერდა და კობინატის დასახლებაში, შინდისის გზატკეცილზე 11, 13 და 15 ნომერ კორპუსებში მცხოვრებლებისთვის პროდუქტები მიიტანა ამანათის სახით. ეს არის საშინელება. ჩვენ ვერ გამოვედით პოსტსაბჭოთა სივრციდან და ხდება ამომრჩევლის „ყიდვა“. ეს გახლავთ დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის შესაბამისად და აუცილებლად პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ამანათები გადასცა ამომრჩეველს. ამასთანავე სასამართლოს მიერ უნდა მოიხსნას ოქრუაშვილის კანდიდატურა”, – განაცხადა გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა ნოზაძემ.
როგორც ის ამბობს, ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო შტაბიდან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა გორის მერსაც, რომელიც ამბობდა, რომ ოქრუაშვილმა საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი სივრცე მთლიანად აითვისა. მერმა მას გაფრთხილებაც მისცა.