საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის მიმართ ღია წერილს აქვეყნებს:
„არასოდეს ვინანებ რომ რაც ძალი და ღონე მქონდა მხარს ვუჭერდი ივანიშვილს სააკაშვილს წინააღმდეგ. სააკაშვილი სრულ ჩიხში იყო და მისი ხელისუფლებაში ყოფნა აღარ შეიძლებოდა, ივანიშვილის გარდა სხვას არ ჰქონდა ძალა ვითარების გარდატეხის. ამის გამო ბევრ რამეზე ვხუჭავდით თვალს, მათ შორის მის გარშემო შემოკრებილ ძალიან ბევრ საეჭვო ადამიანზე. 2012 წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრობიდან ივანიშვილის წასვლა, არასერიოზული პერსონაჟის ღარიბაშვილის პრემიერად დატოვება და ქვეყნის არაფორმალურ-მაფიოზურ მმართველობაზე გადაყვანა იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. 2016 წელს რეგრესული, უსიტყვო მორჩილების ნიშნით შერჩეული საარჩევნო სიის წარმოდგენის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ივანიშვილი უკვე თავად გახდა ქვეყნის პრობლემა. ის უკვე ექაჩება უკან ქვეყანას, მას არც ამ ქვეყნის განვითარება ადარდებს, არც რიგითი ადამიანების დარდი და პრობლემები ესმის, მას უბრალოდ სურს უპირობოდ მართოს ქვეყანა. სურს ყავდეს კომპრომეტირებილი და შესაბამისად სრულიად მორჩილი ყმები და ეშინია თავისუფალი ადამიანების. ამ კაცს ქვეყანა თავისი შპს და კერძო კომპანია ჰგონია. მაგრამ ეს საქართველოა ბატონო ჩემო, საქართველო !!! ერთი ახირებული, გაუტეხელი, შეუპოვარი ქვეყანა – ქვეყანა სადაც ძალიან რთული ხალხი ცხოვრობდა და ცხოვრობს, ხალხი რომელიც არავის მორჩილებას არ ჰგუობდა და არც არავის შეეგუება, არც ამ პროვინციული აზროვნების, პოლიტიკური და მორალური გაკოტრების გზაზე ღონივრად დამდგარ კაცს, რომელსაც საქართველო თავისი დუქანი ჰგონია. მე ერთი ღარიბი ბიჭი ვარ, ჩემი ერთადერთი შემოსავალი ყოველთვის ხელფასი იყო, ახლაც ხელფასზე ვარ დამოკიდებული, ხელფასს ვყოფნით მეც და ჩემი ოჯახიც. ბევრი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში მაგრამ სინდისთან კომპრომისი არ მქონია, შურთულეს მატერიალურ მდგომარეობაშიც ყოფინისასაც კი. ერთი მახასიათებელი მქონდა ბავვობიდან – გულგრილი ვერ ვიყავი ჩემი ქვეყნი სატკივარისადმი, ვინც მიცნობს ბავშვობიდან იმათ კარგად იციან, ამ არაგულგრილობამ დამაპირისპირა სააკაშვილ-კეზერაშვილ-უგულავას, ამ არაგულგრილობამ შეგვაქმნევინა მე და ჩემ მეგობრებს “ტფილისის ჰამქარი”, ამ არაგულგრილობამ მიმიყვანა პოლიტიკაში. მე ჩემი თავი არ მენანება ხალხის სამსახურში, ორი წელია მეტს არაფერს ვაკეთებ საკრებულოში. თქვენ ჩემნაირი ხალხი გძულთ იმის გამო რომ მე თქვენნაირ ბატონებს თავზე არ დავისვამ, ამიტომ გძულვართ და ამიტომ ჭორაობთ ჩემზე ორღობის ჭორიკანასავით. ჩემს უკან არავინ დგას და არაფერი – სინდისის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა. ეს თქვენ ძალიან კარგად იცით – თქვენი სუს-ი დღე და ღამე მისმენს და ჩემ ყველა ნაბიჯს გეუბნებიან. ვიცი მე ეს. მე გავნადგურდი კი არა ეს ორი წელი ვვარჯიშობდი ბატონო ბიძინა, საკუთარ თავში ძალებს ვამოწმებდი და უფრო დიდი ნაბიჯებისთვის ვემზადებოდი. ხალხის სამსახური რთულია და გავქაჩავდი თუ არა მაინტერესებდა. გავნადგურდი კი არა ნავარჯიშები ვარ, ძალიან ღონივრად ვგრძნობ თავს და ჩემი საქართველოს, ჩემი ხალხისთვის გარჯისთვის მზად ვარ. საქართველოზე და თბილისზე ჭკუა მეკეტება და თქვენ და ბესელია-კობახიძეები აბუჩად როგორ აიგდებთ ამას გულგრილად ვერ ვუყურებ. თქვენ რაც არ უნდა იჭორაოთ, მე ჩემი გეზი მაქვს, ხალხის სამსახურის, თბილისის საუკეთესო ქალაქად გადაქცევის გეზი და გეგმები. თქვენზე კი უბრალოდ მეღიმება, ქალაქის თავზე წამოსკუპებულო შუშის სასახლის ღიმილისმომგვრელო იმპერატორო
პატივისცემით – განადგურებული კი არა, საბრძოლოდ შემართული – საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის სერჟანტი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი – ალექსანდრე ელისაშვილი“.
შეგახსნებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ალეკო ელისაშვილს სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი.