”ქართული ოცნების” შეთავაზებას – ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი „ცინიკურ და პოპულისტურ ნაბიჯად“ აფასებს:
”ერთის მხრივ, აბრალებდე მთავარ ოპოზიციურ პარტიას ათასგვარ დაუჯერებელ ამბავს დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, საუბრობდე მემორანდუმზე მშვიდობასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შეინიშნება თავდასხმები, პლაკატების ჩამოხევები, კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა და ა.შ. ვფიქრობ, არის ძალიან ცინიკურ-პოპულისტური ნაბიჯების გაგრძელება, თუმცა ჩვენი მხრიდან არც ერთ მსგავს შემოთავაზებას ბოიკოტი არ ექნება გამოცხადებული”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერმა და ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ყველა საარჩევნო სუბიექტს შესთავაზა, შეუერთდნენ მემორანდუმს, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების ჩატარება კორექტულ და მშვიდობიან გარემოში.
„რესპუბლიკური პარტია“ შეთავაზებას დადებითად გამოეხმაურა.