შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყებამ ჭავჭავაძის გამზირზე 2 დღის წინ მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა:
„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1974 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, თბილისში დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.