აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ხდება გურჯაანში: ვინ არიან მუნიციპალიტეტის მაჟორიტარები

“მეტრონომი” წინასაარჩევნო პროექტს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი კანდიდატების გაცნობას ვგეგმავთ.

ამჯერად გურჯაანი შევარჩიეთ. ვფიქრობთ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს იმ ადამიანების შესახებ ვინც  კონკრეტული რეგიონის მოსახლეობის მანდატის მოპოვებას ცდილობს.

მმართველი ძალა 2016 წელს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში 2020  წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გვპირდება. უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აღნიშნული სისტემის გაუქმებას მიმდინარე წელსაც ითხოვდა, თუმცა „ქართული ოცნება“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას როგორც აღვნიშნე მომდევნო არჩევნებისთვის  გეგმავს.

“გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების” ინფორმაციით ერთი დეპუტატის შენახვა გადასახადის გადამხდელებს წელიწადში საშუალოდ  77 593 ლარი უჯდებათ.

ეს თანხა შემდეგნაირად ნაწილდება: ავტომობილის საშუალო ხარჯი 7 526 ლარი; წლიური ხელფასი 45 480 ლარი; სამივლინებო ხარჯები 13 090 ლარი; სატელეფონო ხარჯები 2 697 ლარი და ბოლოს ქუთაისში ბინის ქირა 8 800 ლარი.

ბუნებრივია მსგავსი ხარჯების პროპორციული უნდა იყოს ის საქმე რასაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხწლიანი მანდატის მქონე დეპუტატები გააკეთებენ.

აქედან გამომდინარე,  ვცდილობთ ამ თუ იმ რეგიონის კანდიდატებზე დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ მკითხველს, რათა სანამ 8 ოქტომბერს არჩევანს გააკეთებენ, ცოტა მეტი იცოდნენ იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ოთხწლიან მანდატს აძლევენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

გურჯაანში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილია. “ქართული ოცნების” ვებ-გვერდიდან ვიგებთ რომ სონღულაშვილი 2000-2004 წლებში  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით სწავლობდა.  2001 წელს, სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკის შესწავლა  შემდგომ უკვე  მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში გააგრძელა.

დავით სონღულაშვილი ქართულ პოლიტიკაში მართლაც ახალი სახეა, რასაც ვერ ვიტყვით  მამამისზე,  ბიძინა სონღულაშვილზე, რომელიც  შევარდნაძის პერიოდში კახეთის გუბერნატორი იყო.

რეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ სონღულაშვილი შევარდნაძის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი გახლდათ, რომელმაც ქონება კორუფციის გზით იშოვა.

“თელავში 5 აგვისტოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მათ შორის გურჯაანის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ახალგაზრდა კაცი, რომლის მამა იყო კახეთის გუბერნატორი შევარდნაძის, ბოლო დროის ყველაზე კორუმპირებული მთავრობის დროს. დავით სონღულაშვილის მამამ თავისი გუბერნატორობის დროს იყიდა ლაგოდეხის ნაკრძალის ნაწილი და ბევრი მიწები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. ალბათ ფულიც ბევრი იშოვა. თვითონ დავით სონღულაშვილმა მიიღო განათლება საზღვარგარეთ. კვირიკაშვილი ამისთანა შემთხვევებს განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას. იბადება შეკითხვა – რა ფულით ისწავლა სონღულაშვილმა საზღვარგარეთ, ალბათ მამამისის მითვისებული ხალხის ფულით.”- ამბობს გიორგი შენგელაია.

“მეტრონომთან” საუბარში დავით სონღულაშვილი აცხადებს რომ მამამისის ფაქტორს ნეგატიურ კონტექსტში არ განიხილავს და მეტიც, მისი თქმით ხალხს ბიძინა სონღულაშვილის გაკეთებული საქმეები დღემდე ახსოვს.

“ბატონ გიორგი და ელდარ შენგელაიაებს დიდ პატივს ვცემ. ჩემგან არასერიოზული იქნება მსგავს განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება. მამაჩემმა გუბერნატორად მუშაობის პერიოდში კახეთისთვის ბევრი რამ გააკეთა. მოსახლეობა დღესაც კარგად იხსენებს მისი მუშაობის პერიოდს”. -აღნიშნავს სონღულაშვილი.

მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის დღეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მასზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის საკმაოდ წარმატებული იყო კერძო და საჯარო სექტორში მუშაობისას. პარტიის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი დავით სონღულაშვილის სამუშაო გამოცდილების შესახებ. “მეტრონომი” დაინტერესდა სად მუშაობდა ასე წარმატებით გურჯაანის პოტენციური მაჟორიტარი დეპუტატი.

“ვმუშაობდი კერძო ბიზნესში, “საქართველოს ბანკსა” და ეკონომიკის სამინისტროში”. -ამბობს სონღულაშვილი.

მომავალზე საუბრისას „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს რაც გურჯაანში და რაიონის  სოფლებში არსებობს. არჩევის შემთხვევაში სონღულაშვილი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდება ამომრჩეველს.

„ინფრასტრუქტურული პრობლემებია ძირითადად მოსაგვარებელი. გზის და წყლის საკითხის გარკვეული ნაწილი მოგვარებულია, თუმცა ბუნებრივია პრობლემები კვლავ არსებობს. მე ვპირდები გურჯაანელებს ვიქნები შუამავალი მოსახლეობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. გურჯაანს დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის კუთხით, პროფესიული სასწავლებლებისა და ტურიზმის მიმართულებით.  მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის განვითარება გურჯაანში, რადგან ფაქტობრივად 18 ადგილწარმოშობის სერთიფიკატიდან, რომელიც საქართველოში არსებობს, 14 არის კახეთის რეგიონში და აქედან ექვსი გურჯაანის რაიონშია. ეს ღვინის ტურიზმის მარშუტებში დატანილი არ არის. საჭიროა საოჯახო მარნების განვითარება და ამ მიმართულებით მუშაობას ვგეგმავ“. -ამბობს სონღულაშვილი.

ყოფილი ხელისფლებიდან  გურჯაანის მაჟორიტარობისთვის ამჯერადაც გიორგი ღვინიაშვილი იბრძოლებს. ღვინიაშვილი კახეთის ყოფილი გუბერნატორი და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის  მაჟორიტარი  კანდიდატია  2012 წლის მოწვევის პარლამენტში.

განათლებით იურისტ ღვინიაშვილს საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს. საწყობის მუშიდან დაწყებული თბილისის პროკურორობით დამთავრებული. უფრო კონკრეტულად 1992 – 2002 წლებში ღვინიაშვილი პროკურატურაში სტაჟიორ გამომძიებლად მუშაობდა. შემდეგ გახდა თბილისის პროკურორი. 2008-2012 წლებში ის კახეთის გუბერნატორად მუშაობდა.  2012 წლიდან დღემდე “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით პარლამენტის წევრია.

„მეტრონომთან“ საუბარში ღვინიაშვილი არასათანადო საარჩევნო გარემოზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს. ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხაზიური, რომელიც პაატა ბურჭულაძის მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრია.

დავით სონღულაშვილი კონკურენტებს პასუხობს და მათ განცხადებებს აბსურდულს უწოდებს. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, მსგავსი ქმედებები ოპონენტების მიმართ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა.

ღვინიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას სკოლის დირექტორები და პედაგოგები წინასაარჩევნოდ  შეხვედრებზე იძულებით დაყავს. კითხვაზე მიყავდათ თუ არა სკოლის პედაგოგები  მსგავს შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მაშინაც ხდებოდა მსგავის ფაქტები და ეს ხელისუფლება მავნე პრაქტიკას უბრალოდ აგრძელებს.

„ხელისუფლება ჩვენს ამომრჩევლზე ზეწოლას ახორციელებს. გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიონის პოლიციის თანამშრომლები  მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებენ. გურჯაანის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თითოეული ბაღის დირექტორს პირადად ემუქრება. სკოლის დირექტორებიც ახდენენ მასწავლებლებზე ზეწოლას.  როდესაც ხელისუფლების კანდიდატი მიდის სოფლებში შეხვედრაზე მასწავლებლებს ამ  შეხვედრებზე  დასწრებას  აიძულებენ. სოფლის რწმუნებულები მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით აშინებენ თუ „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერენ მხარს“. -აცხადებს ღვინიაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, დავით სონღულაშვილი მის დამარცხებას ვერ შეძლებს და მთვარ მიზეზად იმ საქმეებს ასახელებს რაც როგორც ის ამბობს გუბერნატორობის პერიოდში გურჯაანში და ზოგადად კახეთში  გააკეთა.

„არ ვამბობთ რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ყველა ადამიანი კარგად ცხოვრობდა, მაგრამ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში კახეთში უამრავი პროექტი გაკეთდა. თელავი, სიღნაღი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობდა კახეთში და დღეს ყველაფერი გაჩერებულია. გურჯაანში არსებული სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობას გაზი არ ჰქონდა და ჩვენს პერიოდში მოხდა ამ სოფლების გაზიფიცირება.“-აღნიშნავს ღვინიაშვილი.

რაც შეეხება მესამე კანდიდატს, პოლიტიკური ორგანიზაცია „სახელმწიფო ხალხისთვის“  სახელით მებრძოლ გიორგი ხაზიურს, ის ადგილობრივი ბიზნესმენია.  ხაზიური 1999 წლიდან კახეთის სამხარეო საფინანსო ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა.  2004 -2008 წლებში „კონსერვატიული პარტიისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციები დააფუძნა.

ხაზიური ყოფილი პარტნიორის ნინო ბურჯანაძის ხედვებს აღარ იზიარებს და აცხადებს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ვიზალიბერალიზაცია და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი (NATO) ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. მაჟორიტარი კანდიდატის თქმით, ამის ფონზე რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს.

გიორგი ხაზიურიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მსგავსად  „მეტრონომთან“ წინასაარჩევნოდ არათანაბარ  პირობებზე  საუბრობს. როგორც თვითონ ამბობს მას აქვს აუდიოჩანაწერი თუ როგორ აშანტაჟებენ მის აქტივისტს. ხაზიურის მტკიცებით დავით სონღულაშვილი და მამამისი „ნაციონალურ მოძრაობას“ წლების განმავლობაში აფინანსებდნენ.

ბურჭულაძის პარტიის წევრი შესაძლო მოსყიდვის ფაქტზეც გვესაუბრება. როგოც ის ამბობს დავით სონღულაშვილმა წინასაარჩევნოდ კანონიც დაარღვია, როდესაც სოფელ ვაჩნაძიანიის გაზიფიცირების პროცესი დაიწყო და ამომრჩეველს არწმუნებდა თითქოს დანაპირებს უკვე ასრულებდა. როგორც კანდიდატი განმარტავს პარტია აღნიშნულ ფაქტზე ცესკოს აუცილებლად მიმართავს.

კანონმდებლობის მიხედვით კანდიდატმა ამომრჩეველს მხოლოდ ხედვა უნდა გააცნოს თუ როგორ წარმოუდგენია მას მომავალში საბიუჯეტო სახსრების გადანაწილება. სხვა შემთხვევაში შესაძლოა კანდიდატის ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვად  ჩაითვალოს. „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ პედაგოგებისთვის ჩატარებული უფასო დიაგნოსტიკური კვლევების გამო აუდიტის სამსახურის მიერ დაჯარიმდა.

კონკურენტებზე საუბრისას პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობის წევრი იმ სახელისუფლებო რესურსზე საუბრობს რომელსაც მისი განცხადებით  „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებს.

„ჩვენს აგიტატორებზე ზეწოლას ახორციელებენ. ზოგს აშინებენ ზოგის ფულით მოსყიდვას ცდილობენ.

გურჯაანში ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს ჩვენს მოძრაობას მხარს. მე ბიზნესმენი ვარ და წინა  წელს ბიუჯეტში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შევიტანე. გამარჯვების იმედი ნამდვილად მაქვს რადგან ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ჩვენს მოძრაობას. ბატონი პაატა ბურჭულაძე როდესაც იყო ჩამოსული მხოლოდ გურჯაანიდან 1000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა მასთან შეხვედრას. გურჯაანში ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. აქ მცხოვრები ხალხი ძირითადად მევენახეობით და მებაღეობით არის დაკავებული. სწორედ ეს არის ჩემთვის ძირიტადი პრიორიტეტები. ჩვენ ვაპირებთ იაფინი კრედიტებთ დავაფინანსოთ ადგილობრივი ფერმერები. ისინი კრედიტის  დახმარებით გააკეთებენ სამაცივრო მეურნეობებს, სადაც ატამს თუ სხვა ხილს შეინახავენ და მათთვის სარფიან დროს გაყიდიან.  გურჯაანში აუცილებლად უნდა იყოს ხილის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხალხიც დასაქმდება, ბიზნესმენიც ნახავს მოგებას და ბიუჯეტშიც შევა ფული“. -აცხადებს ხაზიური.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატის თქმით ტელეკომპანია „გურჯაანი“ არათანაბრად ანაწილებს საეთერო დროს და მას არ ეძლევა შესაძლებლობა ამომრჩეველს ტელეეთერით გააცნოს საკუთარი გეგმები. ხაზიურის მტკიცებით ტელევიზია მეტ დროს უთმობს სახელისუფლებო კანდიდატს.

„გურჯაანის ტელევიზია ამ არჩევნებში ფაქტობრივად მხარეა. ტელეკომპანია დავით სონღულაშვილს ლობირებს და მის მიერ ჩატარებულ ღონიძიებებს აშუქებს. დებატების დროს არ მიმიწვიეს, რადგან იცოდნენ რომ პირდაპირ ეთერში ბევრ საინტერესო რამეს ვიყოდი. მხოლოდ ერთხელ  ძალიან უმნიშვნელოდ გააშუქეს ჩემი ბრიფინგი, მაგრამ ამ ბრიფინგის ბევრი საინტერესო ნაწილი ეთერში ვერ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ტელევიზიამ  სწორედ ის ნაწილი ამოიღო სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატზე ვსაუბრობდი“. -ამბობს ხაზიური

როგორც ტელევიზიის ვებ-გვერდიდან ვიგებთ ტელეკომპანია „გურჯაანი“ კერძო ტელეკოპანიაა და საკუთარ საინფორმაციო პოლიტიკას თავად განსაზღვრავს, თუმცა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23-ე მუხლი კერძო მაუწყებლებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს:

  1. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ახორციელებს საერთო მაუწყებლობას და აშუქებს არჩევნებს ვალდებულია, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ კანდიდატებს თანაბარად დაუთმოს საეთერო დრო ისე, რომ მათ შეძლონ ამომრჩევლის ინფორმირება საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, პოზიციების და კვალიფიციურობის შესახებ.
  2. საარჩევნო კამპანიის დროს მაუწყებელი უნდა უზრუნველყოფდეს, არა მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას, არამედ ასევე უნდა აშუქებდეს იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობასაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში, უნდა აძლევდეს მათ შესაძლებლობას, გააკეთონ კომენტარი.

 

 

 

 

 

იტვირთბა....