დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ადვოკატი ლედი ტუკვაძე არ გამორიცხავს, რომ სტურუა მოკლული იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
”შესაძლოა ეს არ იყოს თვითმკვლელობა, არამედ იყოს მკვლელობა. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ძალიან მაინტერესებს კონკრეტული ადამიანები – ვინ დააწერინა, რა პირადი ინტერესებისთვის დაიწერა ეს წერილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კალიგრაფიული ექსპერტიზა ამ ყველაფერს იტყვის”, – განაცხადა ლედი ტუკვაძემ.
შეგახსენებთ, თევზაძის ადვოკატმა დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები მიიტანა. ტუკვაძის განცხადებით, დემურ სტურუას დაზიანებები სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე აქვს მიყენებული რაც ასევე ეჭვებს ბადებს.
გოდერძი თევზაძე სამართალდამცველებს ნებით რამდენიმე დღის წინ ჩაბარდა. მისი თქმით, დემურ სტურუას საქმეში ის ბრალდებული არ არის, სიმართლის დასამტკიცებლად შიმშილობის დაწყება დაანონსა, იქამდე, სანამ გამოძიება მის უდანაშაულობას არ დაადგენს.