ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გაზის ტრანსპორტირების სისტემაში დამატებითი ოდენობის ოდორანტის შეშვების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
მოკვლევას „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მონიტორინგის სამსახური ახორციელებს:
„როგორც მოგეხსენებათ, „გაზის ტრანსპორტირების სისტემაში“ ბუნებრივი აირის ოდორიზაცია ხდება. გუშინ სისტემაში ოდორანტის შეშვება ზედმეტი დოზით მოხდა, რასაც მოჰყვა ასეთი სუნი. ამას არ მოჰყოლია არანაირი გაჟონვა. ფაქტზე უკვე დაწყებულია მოკვლევა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ და პირები, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართულები, აუცილებლად აგებენ პასუხს. „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს და ის არის პასუხისმგებელი ბუნებრივი გაზის ოდორიზაციაზე. მათ მიერ მოხდა დამატებითი ოდენობების შეშვება ტრანსპორტირების სისტემაში, რაზედაც მათი მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლევა დაწყებულია“, – განმარტა ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, გუშინ ბუნებრივი აირს სპეციალური ნივთიერება „ოდორანტი“ დაემატა, რომელიც გაზის მიმწოდებელ სისტემაში ხარვეზის აღმოსაჩენად არის განკუთვნილი. კომპანიის განმარტებით, ნივთიერება ჯანმრთლობისთვის საშიში არ იყო, თუმცა 11 მოქალაქე საავადმყოფოში მოწამვლის ნიშნებით მოხვდა.