ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასწავლო წელი დაიწყო: „პირველ კლასში დაბრუნება მოგინდებათ”

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პრემიერმა, პრეზიდენტმა და განათლების მინისტრმა მიულოცეს:
„გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას – მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.

ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებსა და პირველკურსელებს. მათ ცხოვრებაში ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ გზაზე.

დღეს ჩვენი ბავშვების და ახალგაზრდების თვალებით საქართველოს მომავალი შემოგვცქერის. მათ ცოდნაზე, მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს მომავალი.

ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ მასწავლებლებს. აღზარდო ქვეყნის მომავალი თაობა – ეს ყველაზე საპატიო საქმეა. მინდა მხნეობა და წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას“, – განაცხადა პრემიერმა.

 

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მთავარი სიახლე, რაც წლევანდელ სასწავლო პროცესს თან ახლავს, მოსწავლეთა რაოდენობაა:

 

“ყოველწლიურად, სულ უფრო მეტი ბავშვი შედის სკოლაში. არის შემთხვევები, რომ ორი მეთორმეტე კლასი ამთავრებს სკოლას და მიიღეს ცხრა პირველი კლასი, რაც არის მთავარი სასიხარულო სიახლე. მეორე სასიხარულო ამბავი არის ის, რომ ჩვენი მასწავლებლები, ახალი შემართებით, მოტივაციით შეუდგნენ სასწავლო პროცესს. როგორც ვთქვით, არც ერთი “ჩაჭრილი” და შეშინებული მასწავლებელი არ გვეყოლება ამ ქვეყანაში.

 

მესამე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ ძალიან ბევრ სკოლაში, ისეთი გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით ვხვდებით სასწავლო პროცესის დაწყებას, რომ პირველ კლასში დაბრუნება მოგინდებათ”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

გიორგი მარგველაშვილმა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება ქუთაისიდან მიულოცა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლის დაწყების პროცესს დაესწრო.

როგორც ცნობილია, 20 სკოლაში დღეს, სწავლა არ დაიწყო.   განათლების მინისტრის ინფორმაციით, ამ სკოლებში გაცდენილი საათები შაბათობით ანაზღაურდება.

 

იტვირთბა....