განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით ვინ იქნება რექტორი ამას თავად აკადემიური საბჭო გადაწყვეტს.
მინისტრმა ისაუბრა ერთ-ერთი კანდიდატის, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გია შარვაშიძის რექტორობის კანდიდატურაზე და მის მიმართ სტუდენტების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე.
„თვითონ უნისვერსიტეტი ირჩევს თავის რექტორს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ისინი შეძლებენ, რომ ღირსეული რექტორი აირჩიონ. საქართველოში ადამიანი თუ სადმე უმუშავია ან იქნება ხელისუფლებაში ნამუშევარი ან კომერციულ სექტორში და თუ ვინმეს უნდა გაპროტესტება გააპროტესტებს. ბანკში რომ ემუშავა ბატონ შარვაშიძეს იტყოდნენ, რომ ბანკირი რად გვინდაო. რომ ემუშავა სკოლაში იტყოდნენ სკოლის ის რად გვინდაო. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული მენეჯერია, ძალიან კარგი გამოცდილებით,“-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, თსუ-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩვენებში სამი კანდიდატი დარეგისტრირდა, ესენი არიან: ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შერვაშიძე და უნივერსიტეტის პროფესორი ცირა ბარამიძე.
თსუ-ის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის 9-დან 14 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. რექტორობის მსურველთა განცხადებებს აკადემიური საბჭო განიხილავს და რექტორობის კანდიდატს 2016 წლის 23 სექტემბერს აირჩევს.
ამჟამად თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 20 აპრილს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც წინა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.