ჩინეთში ყოფილ მაღალჩინოსანს 325 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს – ინფორმაციას AP News ავრცელებს და წერს, რომ ეკონომიკური განვითარების ყოფილი მაღალჩინოსანი იან იულინი ასევე დამნაშავედ ცნეს მითვისებაში, ქრთამის მიცემაში, სახელმწიფო სახსრების უკანონო განკარგვაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში.
მათივე ცნობით, მის მიმართ გამოძიება პრეზიდენტ სი ძინპინის ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და რომელსაც კრიტიკოსების თქმით, სი, ნაწილობრივ, თავისი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოსაშორებლად იყენებს. სასამართლოს ინფორმაციით, იანმა 1993 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში „უკანონოდ მიიღო ქონება და აქტივები“, რომელთა ღირებულებაც 2,21 მილიარდ იუანს (325 მილიონ აშშ დოლარს) აჭარბებს. ძიანსუს პროვინციის სასამართლოს ცნობით, იანმა სასამართლოში საბოლოო სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც „მონანიება გამოხატა და დანაშაული აღიარა”.

