ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს სახით აშშ-ს ჰყავს ერთგული მეგობარი”

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილესთან, აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა:

”მე და მდივანმა კერიმ ხელი მოვაწერეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმს, რომლის მიზანიცაა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება. ამ დოკუმენტის ფარგლებში ჩვენ გავცვლით ინფორმაციას და ვითანამშრომლებთ საერთო საფრთხეების დაძლევაზე. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა გაღრმავდება საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობის განმტკიცება და თავდაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების მხარდაჭერა.

საქართველოს სახით ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოკავშირე, რომელთანაც მას აქვს საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები. უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი მებრძოლები ამერიკელი კოლეგების მხარდამხარ მსახურობენ ავღანეთსა და ერაყში. დღეს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ტერიტორიული თავდაცვის ზომებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის და რეგიონალური სტაბილურობისთვის. თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ მხრივ წარმატების მისაღწევად.

გასულ კვირაში წარმომადგენელთა პალატამ გამოამჟღავნა პარტიათა შორის ერთსულოვნება, როდესაც ხმების უმრავლესობით (410-6) მიიღო რეზოლუცია #660. ამ რეზოლუციაში ასახულია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს საკანონმდებლო დოკუმენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან განცხადებას აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....