„ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ადამიანებთან მანამდე და მაშინ, როდესაც ემთხვევა ჩვენი ხედვები”,-ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს:
„ბიძინა ივანიშვილი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ყველაზე უკეთესი პარტნიორი „რესპუბლიკური პარტიის“, იმიტომ, რომ 2011 წელს, როდესაც მან პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე განაცხადი გააკეთა და მან თქვა, რომ „რესპუბლიკელებთან“, „თავისუფალ დემოკრატებთან“ მინდა თანამშრომლობა“.
ჩვენ მაშინ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი ყველაფერზე: მრავალპარტიულ დემოკრატიაზე, საპარლამენტო სისტემაზე, ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე, თვითმმართველობაზე, ღირებულებებზე, ადამიანის უფლებებზე და მართლაც, დიახ, ჩვენ ძალიან სერიოზული პარტიორობა გვქონდა, როდესაც თვითმმართველობის რეფორმა გავატარეთ და არავის არ უნდოდა ეს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თავად კოალიციაში, როდესაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვიღებდით, როდესაც ძალიან ბევრ სხვა გადაწყვეტილებას ვიღებდით. ამიტომ, ეს ყველაფერი იყო და ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვთანამშრომლობდით გარკვეული პერიოდი.
ამასთანავე, ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა, რომ 2012-2016 წლების პარლამენტი და ზოგადად, ხელისუფლება, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის პროცესში მოსული ხელისუფლება და ჩვენ 2016 წლიდან ვხედავდით წინ მომავალს, რომელიც უნდა ყოფილიყო გაცილებით სხვანაირი, გაცილებით სხვა პრინციპებზე აგებული, მათ შორის, სახელისუფლებო გუნდი და ასე შემდეგ. და ამიტომ, მე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს იყო 2016 წლის მარტი, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა და რესპუბლიკელებმა ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს ორპარტიულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.
იმიტომ, რომ ჩვენ მივყვებოდით იმ პროგრამას და იმ დებულებებს, იმ ხედვებს, რომლებზეც მანამდე ვმუშაობდით. ეს არაერთხელ გაგვიცხადებია ჩვენ, რომ დიახ, დღევანდელი მდგომარეობა შედეგია არა იმისა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ შეიცვალა, „რესპუბლიკურ პარტიას“ აღმოაჩნდა სხვა ღირებულებები ან თვისებები ან არ ვიცი, მეგობრები და პარტნიორები, არამედ იმიტომ, რომ „ოცნებამ“ და ივანიშვილმა გაუხვიეს სხვაგან. როდესაც გაუხვიეს სხვაგან, ჩვენ იქ ვეღარც გავყვებოდით და აღარც გავყევით. ამიტომ, პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ადამიანებთან მანამდე და მაშინ, როდესაც ემთხვევა ჩვენი ხედვები”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შევხედრისას აღნიშნა, რომ „რესპუბლიკელებს“ 4 წლის მანძილზე „თითი თითზე არ დაუდიათ“.