ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არ მინდა, რომ პოლიტიკოსების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს“

დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს ბრალდებებს მედიასთან  პასუხობს:

„მე ორმაგად ვწუხვარ, რომ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არის ბიძინა ივანიშვილი. მე ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ ის არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ჩვენ, პოლიტიკოსებმა შეგვიძლია ბევრი რამ ვარგოთ ქვეყანას, მაგრამ შეგვიძლია ბევრი რამ ვავნოთ კიდეც და ჩვენი მხრიდან საზოგადოებისთვის ვნების მოტანის ერთ-ერთი გზაა, როდესაც ჩვენი სიტყვები უფასურდება. მე არ მინდა, რომ პოლიტიკოსების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინაც მოვისმინეთ.

 

ეს ეხებოდა კონკრეტულად საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას. კომისიის მუშაობის პროცესში პირადად ჩემს წვლილს, ასევე „რესპუბლიკელების“. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე ჩვენ თითი თითზე არ დაგვიდია, მეტიც თურმე ჩვენი ბრალია, რომ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების გზით აირჩევა. მე ძნელად წარმომიდგენია ამაზე უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები.

 

მე მინდა მივმართო ყველას, ოპონენტებს, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ვიკამათოთ ფაქტობრივად, ვიკამათოთ საგნებზე და ნუ გვექნება ყველაფერი აგებული სიცრუეზე. თუ სხვა ვერაფერს მიძებნით ნაკლს, ბარემ გამოდით და ესეც თქვით,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრისას „რესპუბლიკელები“ კვლავ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ.

იტვირთბა....