ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბარაკ ობამა საუდის არაბეთის წინააღმდეგ კანონპროექტის დამტკიცებას არ გეგმავს

 

კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ნათესავებს საუდის არაბეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის უფლებას აძლევს, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებს, ვეტო დაადოს, -ინფორმაციას  თეთრი სახლის წარმომადგენელი  ავრცელებს.

უწყების განმარტებით, თუ ეს დოკუმენტი კანონის სახეს მიიღებს, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ამგვარი სარჩელები  აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგაც შეიტანონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კონგრესმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის სახელწოდებაა “ტერორიზმის სპონსორების წინააღმდეგ მართლმსაჯულების აქტი”.

კანონპროექტის შედგენის მიზეზი გახდა ის, რომ მსხვერპლთა ნათესავები ცდილობდნენ საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის, ასევე იმ ბანკებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რომლებიც ისლამისტების დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი. თუმცა აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობა სხვა ქვეყნებს ამერიკული სასმართლოების დევნისგან იმუნიტეტით უზრუნველყოფს. წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი კი ითვალისწინებს, რომ ხელშეუხებლობით ვეღარ ისარგებლებენ ის ქვეყნები, რომლებიც აშშ-ში განხორციელებულ ტერაქტებზე არიან პასუხისმგებელი.

კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ექვსმა არაბულმა სახელმწიფომ  განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.   საუდის არაბეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს რამე სახის კავშირს აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ ტერაქტებთან.

 

იტვირთბა....