პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის „ ეთერში პარტიის ყოფილი წევრის, ხათუნა ლაგაზიძის და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხა. მან ხათუნა ლაგაზიძეს თავმოყვარეობის დაკარგვაზე მიანიშნა:
„თვითონ ბრალდებები მოულოდნელი იყო, რადგან სიმართლეს არ შეეფერება, მაგრამ რაიმე სახის ბრალდება რომ იქნებოდა, ველოდებოდი. ყველაფერი სიას მოჰყვა, რადგან ლაგაზიძეს არ ჰქონდა ადგილი იქ. პრიორიტეტი მივანიჭეთ იმას, ვინც პროფესიონალი იქნებოდა და არა -მოლაპარაკეებს. თავმოყვარეობა და პატივმოყვარეობა-ორი კარგი ქართული სიტყვაა. ვინც თავმოყვარეა, ის არ აკადრებს თავს არაფერს. ადამიანი, რომელიც თავმოყვარეობას კარგავს, ყველაფერზე ხელს აწერს, მერე იწყება პატივმოყვარეობა. არ უნდა დაკარგოს ადამიანმა თავმოყვარეობა. „-განაცხადა ბურჭულაძემ.
კითხვაზე, გავრცელებული ბრალდებების მიხედვით, გაყიდა თუ არა მან პარტია „გირჩზე“, ბურჭულაძემ უპასუხა:
„ეს არასერიოზულია. თავად ლაგაზიძემ ვერ გიპასუხათ რას გულისხმობდა, რა ფული, ვისზე გაიყიდა… როგორ შეიძლება ამაზე პასუხი. მას რაზე უნდა ველაპარაკო. ვიმეორებ, რომ მე მას ვპატიობ და ჩემი გუნდის წევრებიც პატიობენ. „
პაატა ბურჭულაძის განცხადებით, პარტიაში არსებული ყველა თეთრი შემოწირულობაა.
პარტიის ლიდერი განსაკუთრებით დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც ყოფილმა პრემიერმა დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ ბურჭულაძემ გვერდით დგომისთვის დიდი თანხა მოსთხოვა:
„ მაინტერესებს რა თანხაზე იყო საუბარი. ნუთუ იმდენი მოვთხოვე, რომ მას გაუჭირდა… ალბათ მას ნახევარი სამეფო ვთხოვე, ანუ სამმილიარდნახევარი… რა ვიცი რა მოვთხოვე, რას ამბობს, რა ვუპასუხო… „-განაცხადა ბურჭულაძემ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილია, რადგან არსებობს ფაქტები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან ერთად „ჩახუტებული“ სურათები, ბურჭულაძემ უპასუხა:
„ძალიან კარგია ასე რომ იძახის, ზუსტად ეს მინდა. ერთხელ ვიყავი ჩასული, კონცერტის მერე მოვიდა სააკაშვილი და გადავიღეთ ფოტო, ეს ორი წლის წინ იყო. რამდენჯერმეო რომ ამბობს, ეს ტყუილია. ეს მთვარობა არასწორად აკეთებს ყველაფერს. იმიტომ, რომ არ დაემთხვას „ნაციონალებს“, „რესპუბლიკელებს“ და „დემოკრატებს“ არ დავემსგავსოთ განცხადებებში, არ ვიძახო ის, რაც უსამართლობაა? სხვა პარტიის კრიტიკის გარდა არაფერი გაუკეთებია ამ ხალხს 4 წლის მანძილზე. იმიტომ, შემოვედი პოლიტიკაში, რომ გაჭირვებული ხალხი ფეხზე დავაყენო. „-განაცხადა ბურჭულაძემ.
მისი განცხადებით, ბრალდებები, რომელიც პარტიაში კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირებსა და ამის მიხედვით, ხათუნა ლაგაზიძის მიმართ არსებულ საფრთხეებს გულისხმობს, აბსურდია:
„კრიმინალს საარჩევნო შტაბისს უფროსად დავნიშნავდი? ამაზე სრიოზულად ლაპარაკი როგორ შეიძლება.
ხათუნა ლაგაზიძე ნამდვილად დასაცავია, მაგრამ თავისი თავისგან. იმიტომ, რომ ეგეთი ფანტაზიები არ ვიცი… ვის რაში სჭირდება ხათუნა ლაგაზიძე, განსაკუთრებით ახლა, როცა წაბრძანდა ჩვენგან. „-განაცხადა ბურჭულაძემ.
პარტიის ლიდერის განმარტებით, მოსალოდნელი იყო წინაასაარჩევნოდ ბლოკის წინააღმდეგ ამ სახით გაატიურება. „ შეიძლება ცოტა დაგვაზარალოს ასეთმა თავდახმებმა, მაგრამ უფრო მეტს შეგვმატებს. „-განაცხადა მან.