“მეტრონომი” სხვადასხვა მაჟორიტარი კანდიდატების წინასაარჩევნო წარდგენას იწყებს
“მეტრონომი” წინასაარჩევნოდ სხვადასხვა თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცნობას იწყებს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ვის აძლევს 4-წლიან მანდატს ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოში.
გასულ წლებში მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობით არაერთი ორგანიზაცია დაინტერესდა. ჩატარდა კვლევები, რომლის საფუძველზე არცთუ სახარბიელო შედეგი მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ წინასწარი დაპირებების მიუხედავად, მაჟორიტარები, მათი ბიუროები არადამაკმაყოფილებლად მუშაობენ.
2013 წელს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ წარდგენილი ინიციატივები რეგიონში არსებული პრობლემების პროპორციული არ არის.
“მეტრონომმა” ამჯერად ქალაქი ფოთი შეარჩია. 47 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა 8 ოქტომბერს პარლამენტში წარმომადგენელი უნდა აირჩიოს.
2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ხახუბია; „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბექა ბასილაია და პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ კოტე კემულარია იქნებიან.
მმართველი გუნდის კანდიდატი ირაკლი ხახუბია მედიასთან აქტიურობით არ გამოირჩევა. პარტიის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ რომ ის განათლებით ეკონომისტია. რაც შეეხება მის საქმიანობას, მაჟორიტარობის კანდიდატი 2003-2004 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში მუშაობდა. ფინანსურ პოლიციაში ხახუბიას კარიერა 2007 წლამდე გრძელდება. შემდეგ ის უკვე ბიზნესსაქმიანობას იწყებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით ხახუბიას რამდენიმე კომპანიაში აქვს წილი. ესენია:
- შპს “აისბერი 2”-ის 20%
- შპს Geo Capital Management – 18%
- შპს Gcm Service – 18%
- შპს betwin – 30%
- შპს ჯეონათსი – 25%
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ხახუბიამ, “ქართული ოცნების” მაჟორტარობის კანდიდატმა 2012 წელს პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” 10 ათასი ლარი შესწირა.
რაც შეხება შ.პ.ს “აისბერგს”, კომპანია თევზის გადამუშავებით არის დაკავებული. ოპონენტები აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იაფი კრედიტის ფარგლებში აღნიშნულ კომპანიას ორ მილიონამდე ლარი გამოუყო.
ხახუბიას კონკურენტი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ბექა ბასილაია განათლებით იურისტია. 2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
ბასილაია 2009-2013 წლებში მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. ის არის ადვოკატი რომელიც იცავდა ყოფილი მერის, გიგი უგულავას ინტერესებს. როგორც თვითონ ამბობს პროკურატურაში მუშაობის პერიოდში ფულის გათეთრების საქმეებს იძიებდა.
ფოთელების ინტერესების დაცვას მომავალ პარლამენტში შეეცდება კოტე კემულარიაც. ბასილაიას და ხახუბიასგან განსხვავებით კემულარიას პოლიტიკაში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ის 1992-1993 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
1998 წელს აირჩიეს ქ. თბილისის საკრებულოს წევრად.
1999 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად.
„ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსეთში.
2004 წლის ივლისში დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.
2005 წლის თებერვალში – საქართველოს იუსტიციის მინისტრად.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
შემდეგ კი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი კემულარია „მეტრონომთან“ საუბარში იმ არათანაბარ პირობებზე საუბრობს, რაც მისი თქმით წინასაარჩევნოდ ფოთშია. ბურჭულაძის პარტიის წევრი ამბობს, რომ მათ მომხრეებს საჯარო სამსახურიდან ათავისუფლებენ. ხელისუფლება კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) აქტიურად იყენებს მათი მხარდამჭერების დასაშინებლად. კემულარიას მტკიცებით, საბრძოლო ხელოვნების სკოლის დირექტორი ელგუჯა მიგრატია თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი არ გახდა.
„თანაბარ პირობებზე ლაპარაკი ზედმეტია. ბუნებრივია არის დაშინებებიც და გადაბირებების მცდელობებიც. სუსი ძალიან აქტიურობს. ისინი განსაკუთრებით ჩვენი პარტიის მისამართით ახორციელებენ ზეწოლას. ჩვენს მხარდამჭერებს იბარებენ და ემუქრებიან, რომ მათ შვილებს პრობლემებს შეუქმნიან. შემოგვიგზავნეს ქალბატონი ლანა მატუა რომელიც ვითომ ჩვენთან მუშაობდა, შემდეგ ის „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა და ჩვენი სიებიც წაიღო. ახლა ამ სიას იყენებენ და ჩვენს მხარდამჭერებს აშინებენ. ჩამოიყვანეს ყოფილი მერი დავით ქანთარია, რომელიც კორუფციისთვის ციხეში იჯდა და ახლა ეს კაცი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ადამიანს ფულის მისცა, რომელიც მეთევზეებისთვის უნდა დაერიგებინა, თუმცა მან ეს ფული მიითვისა და ახლა ჩემი ინფორმაციით პარტიაში კონფლიქტია ამის გამო. ამ საკითხზე მთელი ფოთი ლაპარაკობს. ოცი წელი პოლიტიკაშვი ვარ და ძალოვანი სტრუქტურების კონკრეტულად კი სუსის ასეთი ჩართულობა არჩევნებში მე არ მახსოვს“. – აცხადებს კემულარია.
ირაკლი ხახუბიაზე საუბრისას კემულარია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის წარადგინა როგორც ბიზნესმენი თუმცა ეს ადამიანი ბიზნესმენი არ არის. კემულარიას მტკიცებით ხახუბია კანდიდატად ფინანსური პოლიციის ყოფილმა უფროსმა წარადგინა. იუსტიციის ყოფილი მინისტრის თქმით ხახუბია იმდენად არაპოპულარულია, რომ კვირიკაშვილს ბუკიას მსგავსად მისი შეცვლაც უნდოდა, თუმცა ვიცე-პრემიერ კახა კალაძის გავლენით ის მაჟორიტარ კანდიდატად მაინც რჩება.
„მედიაში იმიტომ არ ჩანს ხახუბია, რომ ლაპარაკი არ იცის. ძალიან მინდა კორექტული ვიყო მაინც კოლეგაა. ეს კაცი იყო ფინანსური პოლიციის ინსპექტორი. ის წამოაყენა ფინანსური პოლიციის ყოფილმა შეფმა კახა ლატარიამ. ლატარია ფოთში არავის უყვარს. ეს კაცი რამდენიმე წლის განმავლობაში ციხეშიც იჯდა. ახლა, ეს ლატარია დაიმალა და მისი ყოფილი თანამშრომელი წამოწია წინ. ხახუბიას კანდიდატურის წამოყენებაში ლატარიას მძახალი თენგიზ სარიშვილიც მონაწილეობდა. წინა არჩევნებში სარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო და შემდეგ ეკა ბესელიას დაუახლოვდა. ბესელიამ, სარიშვილმა და ლატარიამ წამოაყენეს ეს ხახუბია. თვითონ დაიმალნენ და ეს წამოწიეს წინ. ხახუბიამ ლაპარაკი არ იცის და პრობლემები აქვს ხალხთან შეხვედრისას, რადგან თითქმის ყველა ფოთელი დაყაჩაღებული ჰყავს. ქუჩის მოვაჭრეებსაც კი ართმევდა სიგარეტს და სხვა ნივთებს. ხომ წარმოგიდგენიათ ფინანსრული პოლიციის ინსპექტორი, რომელსაც რა დავალებები ექნებოდა ძალიან ადვილი წარმოსადგენია“. – ამბობს კემულარია.
„ქართული ოცნების“ კანდიდატის კუთვნილი კომპანია „აისბერგი“ თევზის გადამამუშავები კომპანიაა. მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ ეს კომპანია მთელ ფოთს წამლავს. მათი თქმით ქარხანაში ფილტრები არ აყენია. ფოთელებს უკვე 5 წელზე მეტია თევზჭერის ყოველ სეზონზე დამპალი თევზის სუნი აწუხებს, რაზეც უამრავი აქცია უშედეგოდ იმართებოდა. ქალაქის მოსახლეობასთან ერთად აქციებს გარემოსდამცველი ორგანიზაციებიც მართავენ. ერთი თვის წინ ხახუბიამ საკუთარ საწარმოში მედიტური მოაწყო. მისი მტკიცებით დანადგარს, რომელიც გადამამუშავებელ საწარმოში შეიძინეს, ფილტრის ფუნქცია აქვს და უსიამოვნო სუნის პრობლემას აგვარებს. ხახუბია ირწმუნება თუ წელს სეზონზე მოსახლეობას თევზის სუნმა კვლავ შეაწუხა, ეს არ იქნება მისი ქარხნიდან. მისი თქმით დარჩენილია კიდევ 2 ქარხანა, რომელსაც შესაძენი აქვს აღნიშნული ფილტრები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ხახუბიამ ჟურნალისტები იმ დროს მიიყვანა ქარხანაში როცა იქ სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობს და ბუნებრივია სუნიც არ იქნებოდა.
„მეტრონომთან“ საუბარში „ნაცონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ბასილაია იმ არასათანადო გარემოზე საუბრობს, რაც მისი თქმით მაჟორიტარულ ოლქშია. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ აქტივისტებს პოლიცია ნარკოლოგიურ შემოწმებას უტარებს, ხდება მათი დაბარება და დაშინება.
„წინასაარჩევნოდ ჩვენს აქტივისტებს ავიწროვებენ. ნარკოტესტირებას უტარებენ ჩვენს მხარდამჭერ ახალგაზრდებს. ერთ-ერთ აქტივისტს უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურით ნუ დადიხარო. აქედან გამომდინარე თანაბარ გარემოზე საუბარი შეუძლებელია. პოლიცია რეპრესიული ძალებით ცდილობს შეგვავიწროვოს. არაფერი არ გამოუვათ, რადგან ჩვენ მომზადებულები ვართ. რაც შეეხება ჩემს კონკურენტ ირაკლი ხახუბიას, მინდა გითხრათ რომ ამ არჩევნებზე ჩვენი კონკურენტი არის ბიძინა ივანიშვილი. ვინც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს ის ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს. ხახუბია პოლიტიკაში ან საჯარო სივრცეში არასოდეს არ ჩნდებოდა. ის ეკა ბესელია კადრია. ირაკლი ხახუბია ბესელიას კურთხევითაა შერჩეული ფოთში მაჟორიტარ კანდიდატად“. – აცხადებს ბასილაია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე ირწმუნება, რომ ფოთთან დაკავშირებით ბევრი გეგმა აქვს. ბასილაის ნეგატიურ ასპექტად არ განიხილავს ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ყოფნას და ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წლების განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ფოთის განვითარების. ჩვენ ვაპირებთ გზების, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას და სპორტის სასახლის მშენებლობას. ჩვენ ვაპირებთ ქალაქის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებას. ფოთს ტურუსტული კუთხით ნამდვილად უნიკალური პოტენციალი აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების კუთხით კონკრეტული გეგმა აქვს. დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში. რაც შეეხება ჩემს პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარ შეცდომებზე სწავლა შეუძლია. „ქართულმა ოცნებამ“ სამეგრელო გააპარტახა, გააღარიბა და მოაწყო კორცხელის ინციდენტი.“ – ამბობს ბექა ბასილაია.
„მეტრონომი“ ცდილობდა „ქართული ოცნების“ კადიდატ ირაკლი ხახუბიასთან დაკავშირებას. ჩვენ პარტიის პრესსამსახურს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმაც შევთავაზეთ. სამწუხაროდ რამდინიმედღიანი ლოდინის მიუხედავად, ვერ შევძელით ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირება.