ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძის პასუხი ლაგაზიძეს: „სიის რაოდენობა შეზღუდულია, ხუთ კაცში ათს ვერ ჩაატევ“

„ბევრი ადამიანი იმსახურებს სიაში ყოფნას, მაგრამ სიის რაოდენობა შეზღუდულია. ხუთ კაცში ათ კაცს ვერ ჩაატევ“, – ამის შესახებ ბლოკის ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამით ვაშაძე პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

”მე პოზიტიურად ვიყავი და ვარ განწყობილი ხათუნა ლაგაზიძესთნ მიმართებაში. რაც შეეხება ვინ უნდა იყოს სიაში და ვინ არა, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, ვინც იმსახურებს სიაში ყოფნას, მაგრამ რაოდენობა შეზღუდულია. ხუთ კაცში ათ კაცს ვერ ჩაატევ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ბევრ ადამიანს აქვს ამბიციები, მაგრამ ყველა სიაში ვერ მოხვდება.

”რა თქმა უნდა, გაერთიანება არ არის მარტივი საკითხი. კოალიციების შექმნა მითუმეტეს ახლად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიებისთვის არ არის ადვილი. აქედან გამომდინარე, ბევრი ამბიციური ადამიანია, ბევრს აქვს საკუთარი ინტერესი, რომ სადღაც დაინახოს თავი, მაგრამ ყველა ვერ ხვდება თუნდაც სიაში. აქედან მომდინარეობს სხვადასხვა ადამიანების მხრიდან უკმაყოფილება. ხათუნა ლაგაზიძის შემთხვევაც ზუსტად ამ ფაქტს უკავშირდება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ის ამბობს  ხათუნა ლაგაზიძის საკითხი თვითონ ”პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა ხალხისთვის” პარტიაში გადაწყდა.

”შეიძლება ყველას ჰქონდეს სიაში მოხვედრის ამბიცია. მე როგორც ვიცი, მათთან გუნდში იყო მსჯელობა, ვინ უნდა ყოფილიყო სიაში. ასევე თუ არ ვცდები ხმის მიცემაც ჰქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა და განაცხადა, რომ ბურჭულაძის პაარტიიდან საფრთხე ემუქრება.

იტვირთბა....