აშშ-ში პატიმართა მასშტაბური გაფიცვა მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC იტყობინება. ტელეკომპანიის ცნობით, მსჯავრდებულები ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ. პატიმრები ასევე აპროტესტებენ, რომ ამერიკული ციხეები გადავსებულია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გაფიცვის დაწყების შემდეგ ფლორიდას შტატის ორ ციხეში არეულობა მოხდა, რის შემდეგაც დაწესებულებებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები დაწესდა.
როგორც BBC იტყობინება, გაფიცვა მიმდინარეობს აშშ-ის ალაბამას, ტეხასისა და სამხრეთ კაროლინას შტატების ციხეებშიც. აქტივისტების ცნობით, პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს.
ამჟამად აშშ-ის ციხეებში 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს.