„თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის პროცესში ხარვეზი არ ჰქონიათ და დოკუმენტაცია სრულად ჰქონდათ წარმოდგენილი.
ტყემალაძე ამბობს, რომ მათი პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა მიზანმიმართულად ხდება. მისი თქმით, ცესკოს თავჯდომარეზე ზეწოლა ხორციელდება.
ზურაბ ტყემალაძის ამ განცხადებას ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი პარტიული სია ვერ იქნებოდა მიღებული, რადგან შემოტანის ვადა უკვე გასული იყო.
„ვადის ამოწურვის შემდგომ, კანცელარიამ დაასრულა მუშაობა 6 საათზე, როგორც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში თუ კი ვადის ამოწურვის შემდგომ იყო კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნებოდა მიღებული და ჩაბარებული ვინაიდან, განცხადებების შემოტანის ვადა იყო უკვე გასული. ზეწოლაზე საუბარი მგონი არასწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად ზეწოლა არ ხორციელდება. თუ განხორციელდება რაიმე ტიპის ზეწოლა ოდესმე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცნობილი, მაგრამ არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. რაც შეეხება კონკრეტულ ზარებს, მე ვერ გეტყვით, ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი“ – განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.
ზურაბ ტყემალაძე კი ამბობს, რომ დღეს ცესკოში განცხადება შეიტანა, რომ თამარ ჟვანიამ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა ჩაატაროს.
„თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ჩვენ წავალთ სასამართლოში. არ მინდა, რომ დღევანდელი საარჩევნო კომისია დაემსგავსოს 2000-იანი წლების კომისიას“, – განაცხადა ტყემალაძემ.