პაატა ბურჭულაძის პარტიის სიის მეორე ნომერმა, გიორგი ვაშაძემ, ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს, რომელიც „მეტრონომში“ გაშუქდა, „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა:
„ ვფიქრობ ეს ყველაფერი უფრო სიასთან დაკავშირებულ განაწყენებას უკავშირდება. როგორც ვიცი, საერთო განხილვა ჰქონდათ, ვინ უნდა ყოფლიყო სიაში და თუ კრიმინალური მენტალობის ადამიანები არიან, აქამდეც უნდა ეთქვა ამის შესახებ.
ვფიქრობ რომ სიაში ღირსეული ადამიანები გვყავს. „-აღნიშნა ვაშაძემ.
ლაგაზიძის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც პარტია კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეწოლით შედგა და ბურჭულაძემ პარტია გაყიდა, ვაშაძემ უსიამოვნო უწოდა:
„სამწუხაროა და არ მსიამოვნებს ამ განცხადებების მოსმენა, ფინანსური პრობლემები დღესაც გვაქვს. ვიღაცის ფულით, რომ ფინანსდება ჩვენი პარტია, ეს თემა დიდი ხანია ტრიალებს.“
ვაშაძის განცხადებით, მას ბურჭულაძესთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან პაატა ბურჭულაძე შტატებშია და მათთვის ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს.
ლაგაზიძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ პარტიაში კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები არიან, ვაშაძემ უპასუხა:
„მე ჯერ არ შემხვედრია ასეთი მენტალიტეტის ადამიანები. თუ ასე ხდებოდა, მას შეეძლო აქამდე ეთქვა. თუ შემხვდება კრიმინალური მენტალიტეტის წარმომადგენელი, ვიტყვი კიდეც და გადაწყვეტილებასაც მივიღებ. „
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ასეთი განცხადებები პარტიისთვის პრობლემურია:
„რა თქმა უნდა, ეს პრობლემურია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამასაც გავუმკლავდებით. ჩვენი ოპონენეტები სუსტად გამოიყურებიან.“ -განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ხათუნა ლაგაზიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ის უკვე დაცვით დადის. მისი განმარტებით, პაატა ბურჭულაძემ პარტია სავარაუდოდ „გირჩს“ მიჰყიდა, რადგან საპარლამენტო სიაში „გირჩის“ წევრების უმრავლესობაა.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარტიის დატოვებისა და მის მიმართ არსებულ შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა.