ახალი ამბები მთავარი სამართალი

ომბუდსმენი პატიმრის დასაცავად პროკურატურას მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის გ.ბ.–ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა:

“2016 წლის 8 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის გ.ბ.–ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

მსჯავრდებულმა გ.ბ.–მ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან განაცხადა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაწესებულებაში მსჯავრდებულების სატელეფონო საუბრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, თანამშრომლებმა პლასტმასის ხელკეტი დაარტყეს მარცხენა ხელზე, შემდეგ კი 2–3 წუთის განმავლობაში ფეხებს ურტყამდნენ. გ.ბ.–ს თქმით, მას დაწესებულების თანამშრომლები მოცემულ შემთხვევამდე ემუქრებოდნენ სასჯელის დამატებით, თუ არ შეწყვეტდა საჩივრების წერას, მათ შორის, სახალხო დამცველთან განცხადებების გაგზავნას, ხოლო დაწესებულების უსაფრთხოების უფროსმა და სამართლებრივი რეჟიმის უფროსმა მუქარის ტონით უთხრეს, რომ შეეწყვიტა საჩივრების წერა.

მსჯავრდებულ გ.ბ.–ს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში არსებული ჟურნალების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულების მიერ მსჯავრდებულის დაზიანებები აღწერილი არ იყო და დაზიანებების შესახებ არც საგამოძიებო ორგანოში იყო გაგზავნილი შეტყობინება. დაწესებულების ექიმმა მსჯავრდებული დაწესებულების საგამოძიებო ოთახში დაათვალიერა და დაზიანებები აღწერა მხოლოდ 2016 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მოთხოვნის შემდეგ.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ.ბ.–ს მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს პროკურატურამ, გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად: ჩატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება საგამოძიებო ორგანოს მიერ.”- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

იტვირთბა....