ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სემეკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ მოსაზრებებს.

”მიმდინარე წლის 26 აგვისტოს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ენგურჰესისათვის“ 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე კომისიაში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად 23 სექტემბერი, ხოლო აქტის გამოცემის ბოლო ვადად 2017 წლის 6 იანვარი განისაზღვრა.

იქიდან გამომდინარე, რომ ტარიფების დათვლა საჭიროებს დეტალურ გაანგარიშებებს, კომისია წინასწარ პროგნოზს, თუ როგორი იქნება დადგენილი ტარიფი, ვერ გააკეთებს. აქვე განმარტავს, რომ სამომხმარებლო ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან და ცალკეული საწარმოს ტარიფის გადათვლა/დადგენა საბოლოო (სამომხმარებლო) ტარიფის ცალსახად მატებას არ გულისხმობს. კომისია არ არის დაინტერესებული რომელიმე ტარიფის ხელოვნურად გაზრდით ან შემცირებით, ადგენს იმ სამართლიან ტარიფს, რასაც მოითხოვს საწარმოს მიერ წარმოდგენილი ხარჯები და შემოსავლები.

ტარიფის გაანგარიშება/დადგენა საჭიროებს როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლას, მხოლოდ შესწავლის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი კომისიისა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირებისათვის ”ენგურჰესისათვის” დასადგენ ტარიფზე შეფასებების გაკეთება.

კომისია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, რაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა. ბოლო პერიოდის პრაქტიკიდან გამომდინარე, ტარიფების დადგენამდე კომისია მართავს საჯარო შეხვედრებსა და სხდომებს, სადაც დასწრება, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. გარდა ამისა, როგორც წერილის დასაწყისშივეა აღნიშნული, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წერილობითაც წარადგინონ მოსაზრებები კომისიაში. ამასთანავე, კომისია თავისი ინიციატივით მართავს სამუშაო შეხვედრებს სატარიფო მეთოდოლოგიების, ასევე უშუალოდ კონკრეტული ტარიფების დადგენის საკითხებზე. ისევ პრაქტიკიდან გამომდინარე, კომისიისათვის ახალი და უცხო არ არის უსაფუძვლო განცხადებების მოსმენა ტარიფების საკითხებთან დაკავშირებით, რაც იწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

კომისია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, შპს „ენგურჰესის“ 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის შესახებ მოსაზრებები წარადგინონ კომისიაში მიმდინარე წლის 23 სექტემბრის 18:00 სთ-ის ჩათვლით და მიიღონ მონაწილეობა კომისიის მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვებში, რომლებიც წინასწარ იქნება დაანონსებული მედიასაშუალებებით”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

იტვირთბა....