ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კახი კალაძე ოქრუაშვილს პასუხობს: „ოქრუაშვილი არშემდგარი ადამიანია“

„ოქრუაშვილი არის არშემდგარი ადამიანი“- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა. ის ამ განცხადებით ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს გამოეხმაურა.

ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშთან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას კახი კალაძესთან დაპირისპირებას უკავშირებს.

„ოქრუაშვილზე მე გუშინ მოვისმინე, რომ კალაძემ ფეხი დამიდოო, ანალოგიურ განცხადებებს, მე მახსოვს, როდესაც სპორტში ვიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი, ზიდანი, რონალდო, რონალდინიო აკეთებდნენ, კალაძე ფეხს მიდებსო, ცოტა უხერხულია ასეთი ადამიანების შედარება. ოქრუაშვილი არის არშემდგარი ადამიანი. გულწრფელად არ არის ოქრუაშვილი საინტერესო. არც მისი აწმყო, არც წარსული,”- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ “რუსთავი 2″–ის საკითხზე დოკუმენტის გასაჯაროებას და იურიდიულ დავას არ აპირებდა, თუმცა კახი კალაძემ  ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა.

“მე არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას, არ ვაპირებდი რაიმე კომენტარის გაკეთებას, სანამ არ დამთავრდებოდა სასამართლო პროცესები. ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ, სამწუხაროდ, იძულებული გამხადეს. მე არ ვაპირებდი ამის გამომზეურებას არჩვენების შემდეგაც და ამ პერიოდის განმავლობაში. ვაპირებდი, რაღაც სხვა ტიპის ურთიერთობებით გამერკვია ეს პრობლემა, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა იძულებული გამხადა გადამედგა ეს ნაბიჯი. ეს პიროვნება არის ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე, რომელი ჩემთან ურთიერთბაში ყველგან ჩასაფრებულია და ფეხის დამდების პოზიციიდან მეკინკლავება და მებრძვის,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.

საქმე ეხება სკანდალურ დოკუმენტს, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” მოიპოვა. 2010 წლის 4 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.

„რუსთავი 2-ის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის შინაარსს, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს არასდროს არ ეკუთვნოდა.

აღნიშნული დოკუმენტის ავთენტურობას არ ადასტურებს თავად ქიბარ ხალვაში და აღნიშნავს, რომ დოკუმენტი ყალბია.

იტვირთბა....