მე-8 მოწვევის პარლამენტს დღეს ბოლო პლენარული სხდომა უნდა ჩაეტარებინა, თუმცა სხდომა ჩაიშალა, რადგან პარლამენტში კვორუმი ვერ შედგა. რეგისტრაცია 30-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისთვის კი დარბაზში 76 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მან მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
“მე ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას ამომრჩეველს ვინაიდან პარლამენტი ამ წუთის მდგომარეობით არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო რომელიც უნდა იყოს შრომისუნარიანი და შეეძლოს რომ აკეთოს თავისი საქმე”,- განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფასვილმა ისურვა, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტმა მაინც შეძლოს პასუხისმგებლობს ბოლომდე გააზრება.
“მე მადლობას მოვახსენებ ყველა კოლეგას, ვინც აქ ბრძანდება. მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც ჩვენ 8 ოქტომბერს ავირჩევთ შეძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და ჩვენს მოქალაქეებს ოდნავადაც არ გავუჩინოთ განცდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ვერ ახერხებენ ფუნქციების შესრულებას”,- განაცხადა დავით უსუფასვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტს უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებისთვის უნდა ეყარა კენჭი.