ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მე-12 კლასის გაუქმება არ იგეგმება“: რა საკითხი განიხილება სკოლის ბოლო ორი კლასისთვის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მე-12 კლასის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სკოლის მე-12 კლასის გაუქმება არ იგეგმება, განიხილება საკითხი იმის შესახებ, რომ სკოლის ბოლო ორი კლასი უმაღლესისთვის მოსამზადებელ ეტაპად გადაიქცეს:

„შესაძლებელია, სკოლის ბოლო ორ კლასი გახდეს გაძლიერებული, უმაღლესისთვის მოსამზადებელი, როგორც კოლეჯია, გიმნაზიაა ბევრ ქვეყანაში. ფაქტობრივად მე-10 კლასის ჩათვლით სკოლა არის ჩვეულებრივი, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს, ანუ ამზადებს ზოგად უნარებში ყველა მიმართულებით და მე-11, მე-12 კლასში თუ ჟურნალისტობას აპირებთ, უკვე კონცენტრირდებით ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებთ ქიმიაზე, ანუ საუბარია სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო 2 კლასზე. გაუქმებაზე საუბარი არ არის, არც ერთ შემთხვევაში“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, გაძლიერებული მიმართულებები რეპეტიტორების საჭიროებას შეამცირებს:

„გაძლიერებული აქამდეც იყო, ვთქვათ კომაროვის სკოლა, ვეკუას სკოლა. ჩვენ გვინდა ეს მიმართულება გავაძლიეროთ, რომელიც ნიჭიერ, კარგ ბავშვებს ამზადებს კონკრეტული მიმართულებით წარმატებისთვის. წელსაც იქნება ამ მიმართულებით ცალკეულ სკოლებში გაძლიერების ხელშეწყობა. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული მიმართულებით ხელი შევუწყოთ ამ სკოლებს, რომლებიც ბოლო კლასში თავის ბავშვებს ისეთ სწავლას შესთავაზებენ, რომელიც რეპეტიტორის საჭიროებას მოხსნის მინიმუმ ამ ბავშვებისთვის. შემდეგ წლებში, ჩვენ იმედი გვაქვს, ამ ბოლო 2 კლასის გაძლიერების მეთოდით, რეპეტიტორის საჭიროება ნელ-ნელა გავა სცენიდან“, -განაცხადა მინისტრმა.

იტვირთბა....