აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“„მწვანეების“ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბას ეიკჰაუტმა ევროპარლამენტი მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ თანამდებობისთვის „შეუსაბამო ურთიერთობები“ ჰქონდა” – პოლიტიკო

ევროპარლამენტში „მწვანეების“ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბას ეიკჰაუტმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ ჰქონდა „ურთიერთობები“, რომლებიც მის თანამდებობას არ შეესაბამებოდა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ეიკჰაუტი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საკუთარ ქმედებებს კრიტიკულად გადახედა და დაუყოვნებლივ ტოვებს როგორც ევროპარლამენტის წევრის მანდატს, ისე „მწვანეების“ ჯგუფის თანათავმჯდომარის პოსტს.

მისი თქმით, პასუხისმგებლობას იღებს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც მისი პოზიციისთვის შეუფერებელი იყო.

„ყოველთვის სწორად არ მოვქცეულვარ. მქონდა ურთიერთობები, რომლებიც ჩემს თანამდებობას არ შეეფერებოდა. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი და ვიღებ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ეიკჰაუტმა.

ეიკჰაუტის პარტიამ განმარტა, რომ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ პოლიტიკოსმა სამუშაო გარემოში არსებული ურთიერთობები სათანადოდ არ გაასაჯაროვა.

„პროფესიონალური, ღია სამუშაო გარემო აუცილებელია ყველასთვის და ჩვენი ქცევის კოდექსის საფუძველს წარმოადგენს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ევროპარლამენტის „მწვანეების“ ჯგუფმა კი განაცხადა, რომ პატივს სცემს და ესმის ეიკჰაუტის გადაწყვეტილების.

„ქცევის კოდექსის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ბრალდებას ძალიან სერიოზულად ვუდგებით. პროფესიონალური და ღია სამუშაო გარემო აუცილებელია ყველასთვის. ჩვენი ჯგუფი სწორედ ამ პრინციპებით მოქმედებდა“, – აცხადებენ „მწვანეების“ ჯგუფში.

მათივე თქმით, ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას სამუშაო სივრცეში პატივისცემის, ნდობისა და ღიაობის კულტურის გასაძლიერებლად.

გასულ კვირას გამოცემა „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 49 წლის ეიკჰაუტმა თანაპარტიელებს აცნობა 25 წლის ლენა შილინგთან ურთიერთობის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრია, თუმცა ეიკჰაუტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი გადადგომა „ლენა შილინგთან ურთიერთობასთან კავშირში არ არის“.

ეიკჰაუტის გადადგომა ემთხვევა ევროპარლამენტში დაგეგმილ ევროპარლამენტის შუალედურ გადანაწილებას, როდესაც ევროკავშირის საკვანძო პოზიციები ხელახლა განაწილდება.

„ბევრი ვიფიქრე იმაზე, მინდოდა თუ არა საქმიანობის გაგრძელება შუალედური ცვლილებების შემდეგ. მივედი დასკვნამდე, რომ ამისთვის ენერგია აღარ მაქვს“, – განაცხადა ეიკჰაუტმა.

ეიკჰაუტი ევროპარლამენტის წევრი 2009 წლიდან იყო.

იტვირთბა....