განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, რამდენიმე სკოლაში, სასწავლო პროცესის დაწყება შესაძლოა, 2 კვირით გადაიწიოს. ამის მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. მინისტრის თქმით, სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და წელს გაცილებით მეტი პირველკლასელია:
„ახალი სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს. პირველი ძალიან სასიხარულო სიახლე არის ის, რომ გაცილებით მეტი პირველკლასელი გვყავს, ვიდრე გვყავდა, ანუ ვმრავლდებით და უფრო მეტი ბავშვი შედის სკოლაში, რაც ძალიან სასიხარულოა. მზადყოფნას რაც შეეხება, სახელმძღვანელოების, კომპიუტერების, სკოლების მხრივ მზადყოფა არაჩვეულებრივი გვაქვს. ცალკეული შემთხვევები არის, სადაც ძალიან დაჩქარებული მეთოდით მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და ვცდილობთ, რომ ყველაფერი დროულად დავამთავროთ. მათ შორის სასიხარულო სიახლე არის, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრების – ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინსებული ჯამში 100-მდე სკოლის პირველი 13 სკოლა უკვე ამ სასწავლო წელს გაიხსნება. ეს არის არაჩვეულებრივი სკოლები. ძალიან ბევრ ბავშვს ექნება საშუალება აბსოლუტურად არაჩევულებრივ გარემოში განაგრძოს ან დაიწყოს სწავლა…
მასშტაბური სამუშაოებია. უმეტეს შემთხვევებში ყველაფერი კარგად არის. გვაქვს ცალკეული შემთხვევები, მაგალითად, ლამბალო, სადაც მოგვიწევს გამოვიყენოთ სასწავლო პროცესის ორი კვირით გადაწევის კანონით გათვალისწინებული უფლება. არის შემთხვევები, სადაც შეიძლება ზუსტად 15-ში ვერ მოვასწროთ სარებილიტაციო სამუშაოების დასრულება და ამ შემთხვევაში სწავლამ შეიძლება რამდენიმე კვირით გადაიწიოს“, – განაცხადა ჯეჯელავამ და დააზუსტა, რომ საუბარია 3-4 სკოლაზე.