პარტიების მიერ აგვისტოში მიღებული შემოწირულებების ჯამური ოდენობა 7 742 021 ლარს შეადგენს.
როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება – 5 593 420 ლარი „ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ ერთი თვის განმავლობაში მიღებულ შემოწირულობებს, რეიტინგი ასეთია: მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 662 014; „ნაციონალური მოძრაობა“ – 475 824; „პატრიოტთა ალიანსი“ – 267 207; „თავისუფალი დემოკრატები“ – 115 550; „დემოკრატიული მოძრაობა“ – 107 996; „გირჩი“ – 86 366; პლატფორმა „ახალი საქართველო“ – 52 999; „ჩვენი სამშობლო“ – 50 000; „რესპუბლიკური პარტია“ – 20 731; „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 17 800; „ეროვნული ფორუმი“ – 12 020; „საქართველო მშვიდობისთვის“ – 6 370; „ლეიბორისტული პარტია“ – 5 000; ედპ – 576; „ქართული დასი“ – 125; „თავისუფალი საქართველო“ – 15.
დამოუკიდებელი კანდიდატების ფინანსურმა შემოწირულობებმა კი 268 006 ლარი შეადგინა.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში პარტია „ქართულ ოცნებას“ თანხა 13-მა იურიდიულმა პირმა აქედან 4-მა კომპანიამ მმართველი გუნდის ანგარიშზე 120 000 -120 000 ლარი გადარიცხა, 3-მა – 100 000 – 100 000 ლარი, 1-მა 80 000 ლარი, დანარჩენ შემთხვევაში კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული შემოწირულების ოდენობა 30 000 ლარს, 15 000 ლარს, 10 000 ლარს და 5 ათას ლარს შეადგენს.
უფრო კონკრეტულად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველი იურიდიული პირები არიან: შპს „ჯი-ემ-პი“ – 120 000 ლარით, Georgian Travel Group – 30 000 ლარით, შპს „გაგრა +“ – 120 000 ლარით, შპს „მისო ლიდერ კრედიტი“ – 120 000 ლარით, შპს „პრაიმი“ – 100 000 ლარით, შპს. Dar Building – 100 000 ლარით , შპს „გეოგრანდ ბეთ“ – 100 000 ლარით, შპს. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ – 30 000 ლარით, შპს „თ და რ დისტრიბუშენ“ – 15 000 ლარით, შპს. „თ.რ დისტრიბუშენ აჭარა“ – 10 000 ლარით, შპს „თ.რ დისტრიბუშენ იმერეთი“ – 5 000 ლარით, შპს. „ნიუ ჯორჯია – 555“ – 120 000 ლარით და შპს. „ვი-აი-პი +“ – 80 000 ლარით.
„ქართული ოცნების“ გარდა აგვისტოში იურიდიული პირისგან შემოწირულება მიღებული აქვს მხოლოდ ორ პარტიას – „გირჩს“, რომლის სასარგებლოდაც შპს. „ციტადელის“ მიერ 10 000 ლარის სახით არაფულადი შემოწირულებაა განხორციელებული და „ეროვნულ ფორუმს“, რომელსაც ს.ს „ფოთის ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელი ქარხნის“ მიერ ასევე არაფულადი შემოწირულების სახით 600 ლარის ოდენობის შემოწირულება აქვს მიღებული.