ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის წარდგენის უფლების მიხედვით  პარლამენტს ასარჩევად ზაზა რუხაძე შესთავაზა, – ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი ავრცელებს.

უწყება  ზაზა რუხაძის ავტობიოგრაფიას აქვეყნებს:

 

ზაზა რუხაძე სამართლის დოქტორია, რომელსაც გავლილი აქვს საკონსტიტუციო სამართლის კურსები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ის 2005 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საქმიანობს, არის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. 2007-2010 წლებში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1993-2005 წლებში იყო ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პროფესორი. 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. წლების განმავლობაში მონაწილეობდა საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების სამთავრობო კომისიების მუშაობაში. არის რამდენიმე მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი: „იურიდიული კლინიკის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ 2012; „დემოკრატია და მოქალაქეობა“ 2011; „ფედერალიზმის პერსპექტივები საქართველოში“ 2012; „საგადასახადო სამართალი“ 2013; „საკონსტიტუციო სისტემები და კონსტიტუციური პროცესები საქართველოში“ 2009; „სამართლის თეორია“ 2008; „ხელისუფლების ორგანიზაციის დემოკრატიზაცია“ 2003; „საკონსტიტუციო სამართლის სახელმძღვანელო“ 2005; „საქართველოს კონსტიტუციური კანონის სახელმძღვანელო“ 1999. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე.

 

ცნობისთვის,  საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს – გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას – სექტემბერში  უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ.  მათ ადგილზე  ერთი მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი – უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.

პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასარჩევად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა 6-კაციან ჯგუფს.

 

იტვირთბა....